ვინ არიან თელავის საპატიო მოქალაქეები და რა პრინციპით არჩევს მერია მათ
თელავში საპატიო მოქალაქეების დასახელების ტრადიცია 2004 წლიდან იწყება. ყოველწლიურად თელავის მუნიციპალიტეტის მერია ღვაწლმოსილ, ცნობილ და თელაველებისთვის პატივსაცემ ადამიანებს არჩევს და მათ საპატიო მოქალაქეების წოდებას აძლევს.
საპატიო მოქალაქეების დასახელება ყოველთვის ერეკლე მეფის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხდება. ყოველწლიურად თვითმმართველობა საპატიო მოქალაქის წოდებას 10-მდე მოქალაქეს აძლევს.
2004 წლიდან დღემდე საპატიო მოქალაქის წოდება ბევრმა პედაგოგმა, მსახიობმა, მუსიკოსმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა პირებმა მიიღეს, რომელთა შორისაც არიან ექიმები, პოეტები, პედაგოგები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.
2011 წელს საპატიო მოქალაქეებს შორის ლიხტენშტეინის მთავრობის წარმომადგენელი ფელიქს ნიშერიც მოხვდა. 2012 წელს კი თელავის მუსიკალური ფესტივალის დაარსებისთვის და მისი მოღვაწეობის პატივსაცემად, საპატიო თელაველის წოდება პიანისტს, ფესტივალ “ქება ვაზისა”-ს დამაარსებელ ელისო ვირსალაძეს მიენიჭა. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ტრადიცია ყოველწლიურად გრძელდება და უკვე რამდენიმე ათეულ ადამიანს მოიცავს, რომელთა შორის, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი საზოგადო მოღვაწეები არიან.
პანდემიის გამო ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, წელს თელავში ,,ერეკლეობა” სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, დასასრულს კი 11 საპატიო მოქალაქე დასახელდა, რომლებიც როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საკუთარი ღვაწლის და თელავისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეებით გამოირჩნენ.
,,2022 წლის თელავის საპატიო მოქალაქეები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა დააჯილდოვა. თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭათ: ზურაბ ზაქარიაძეს, რომელიც არის მომღერალი. მას სტატუსი გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტში მუსიკალურ -საშემსრულებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; ასევე მერი ზაალიშვილს, ჟურნალისტს- თელავის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი და კახეთის სამხარეო მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; მსახიობ თემურ ხუნაშვილს – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; მსახიობ ვენერა ფეიქრიშვილს – თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; მუსიკოსს და პედაგოგს გალინა ანისისმოვას – თელავის მუნიციპალიტეტში სამუსიკო-საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; მეეზოვე ლიანა ლოლაძეს – თელავის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური სიჯანსაღისა და კეთილმოწყობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; ექიმ დავით მრელაშვილს – თელავის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; პროფესორ როინ ჭიკაძეს- თელავის მუნიციპალიტეტში უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; მოქანადაკე ჯემალ თუშურაშვილს- თელავის მუნიციპალიტეტში ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის , კერძოდ, ქანდაკებისათვის „შენ ხარ ვენახი!“ , ჟურნალისტ ეთერ ჯიშკარიანს- თელავის მუნიციპალიტეტსა და ზოგადად, ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის; პედაგოგ ლალი მუმლაურს – თელავის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”,-აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, საპატიო თელაველის წოდება, ყოფილმა პედაგოგმა, ლიანა ლოლაძემ მიიღო, რომელიც წლებია თელავის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობს. ის ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია.
,,ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ამ სტატუსის მონიჭება, ძალიან გამიხარდა. ადრე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1965 წლიდან 1999 წლამდე სკოლაში ვასწავლიდი მათემატიკას. შემდეგ ცოტა ხნით ვიყავი უმუშევარი, რომ წამოვედი სკოლიდან და რამდენიმე წელში დავიწყე მუშაობა თელავის კეთილმოწყობის სამსახურში მეეზოვედ. ვარ 85 წლის და დღემდე აქ ვმუშაობ. თელავი ჩემთვის არის უსაყვარლესი ქალაქი. მე რომ თელავის მიმართ ასეთი სიყვარული არ მქონდეს , აქ არ ვიმუშავებდი. მე მინდა ჩემი ყველა შესაძლებლობა ამ ქალაქს მოვახმარო და მას ვემსახურო. სულ შრომაში გავატარე ჩემი ცხოვრება და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი. ახლაც ასეა. მინდა ვიგრძნო, რომ ადამიანი ვარ და საჭირო ხალხისთვის. მყავს 3 შვილი, ყველა დაოჯახებულია და მიხარია, რომ ისინიც ამ ქვეყანას ემსახურებიან”,- განაცხადა ლიანა ლოლაძემ.
საპატიო მოქალაქის წოდება ასევე მიიღო თელავის თეატრის მსახიობმა თემურ ხუნაშვილმა. მისი თქმით, 53 წელია სცენაზეა და დღემდე თელავზე და თელავის თეატრზე უზომოდ შეყვარებულია. მისივე განმარტებით, საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება მისთვის მეტი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქალაქისთვის მეტი გააკეთოს თავისი საქმიანობით.
,,მე უკვე 53 წელია თეატრში ვარ. 1970 წელს თეატრალური ინსტიტუტის დასრულებისთანავე ჩამოვედი აქ დღევანდლამდე ასე მოვდივარ. თელავის თეატრის ეს არის ჩემვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ თელავის თეატრი საქართველოში და ასევე ამიერკავკასიაში არის ყველაზე ძველი. ის 262 წლისაა. 150- ზე მეტი როლი მაქვს შესრულებული, ყველა ამპლუის, ყველა ჟანრის. თელავი არის ჩემთვის ყველაზე უფრო საყვარელი და ძვირფასი ქალაქია თავისი დიდებული ისტორიით.
რაც შეეხება საპატიო თელაველის წოდებას, რეგალიების მეტი რა მაქვს, დამსახურებული არტისტი ვარ, სახელმწიფო პრემიები მაქვს მიღებული, ღირსების ორდენები და მე მაინც მჯერალ რომ საპატიიო თელაველობა ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი. ეს არის მოვალეობის მომმატებელი, რომ მეტად ვემსახურო თელავს და თელავის კულტურას. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მერიას და ყველა იმ ადამიანს, რომ დამაფასეს”,– განუცხადა Knews.ge-ს თემურ ხუნაშვილმა.