ახალი ამბები

გურჯაანში უკრაინელი მოზარდებისთვის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა-ფოტოები

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩერნიგოვის ოლქიდან ჩამოსული ბავშვებისა და მოზარდებისთვის კახეთში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.

ბანაკის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა, უკრაინის დროებითმა წარმომადგენელმა საქართველოში ანდრეი კისიანოვმა, საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილიმა, უკრაინის რადას დეპუტატმა ლუდმილა მარჩენკომ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ამავე დროს, უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არჩილ თალაკვაძისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის – ლიუდმილა მარჩენკოს ინიციატივით, ექვსი ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონის, ჩერნიგოვის ოლქის სპორტული სკოლის 43 მოსწავლე და მათი თანმხლები პირები საქართველოს სტუმრობენ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაიზიარა ხსენებულ უწყებათა ინიციატივა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად უკრაინელი სტუმრების საქართველოში ტრანსპორტირება, მათი სასტუმროში განთავსება და საბანაკე აქტივობებში ჩართვა ფინანსურად უზრუნველყო.

ათი დღის მანძილზე მოზარდები სასტუმრო ’’Akhasheni Wine Resort&Spa-ში“ {„ახაშენის ღვინის კურორტი“} დაბინავდებიან და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით თუ გასართობ აქტივობაში; ასევე იგეგმება ექსკურსიები თბილისსა და კახეთში. ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ მასტერკლასებსა და სხვა საინტერესო აქტივობებში.

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო უკრაინაში.

კულტურის სამინისტრო განაგრძობს უკრაინიდან დევნილთა მხარდაჭერას: სწორედ ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა ახალი სპორტის სასახლე თბილისში მიმდინარე წლის 11 ივნისს, რომელშიც ქართველ მომღერლებთან ერთად, უკრაინელი არტისტები მონაწილეობდნენ, ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების დასახმარებელ ფონდში; საქართველოში მცხოვრები 14 უკრაინიდან დევნილი მოზარდი სტუმრობდა რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკს, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამწლიანი წყვეტის შემდეგ 2022 წლის აგვისტოში გაიხსნა.