ახალი ამბები

როგორია ეპიდვითარება კახეთის რეგიონში

პანდემია დასრულებულად ჯერ არ გამოცხადებულა და სპეციალისტები ამის სავარაუდო თარიღსაც ვერ ასახელებენ, თუმცა ვაქცინაცია და ვირუსისგან თავდასაცავად სხვადასხვა რეგულაციების დაცვა, ამ დროისთვის ისევ აქტუალური საკითხებია.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვირუსისგან თავის დაცვის და იმუნიტეტის ასამაღლებლად მათი დაცვა აუცილებელია. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ვაცინაციის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 20 665 კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
მისი თქმით, რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ძალიან დაბალია და ამის გამომწვევი მიზეზი მოსახლეობის დამოკიდებულებაა კოვიდის მიმართ.

„სამწუხაროდ ვაქცინაციის პროცენტულობის მაჩვენებელი ძალიან დაბალი გვაქვს 40%-მდეც ვერ ავედით. პანდემიის დასაწყისში მიმდინარეობდა აქტიურად ვაქცინაცია და ახლა ძალიან არის შემცირებული. ჩვენ ვატარებდით აქტიურად შეხვედრებს ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა ავღნიშნო ასევე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებიც გათვალისწინებული გვყავდა შეხვედრებზე. ეთნიკური უმცირესობის თემში ორმაგად რთული სიტუაციაა ვაქცინაციის მიმართულებით”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილი ასევე აცხადებს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ, ვირუსი მათთვის საშიშია, გართულების შემთხვევაში კი შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს.

„რისკ ჯგუფებში შედიან, ის ადამიანები ვისაც ეს ინფექცია ორმაგად მეტად შეიძლება გაურთულდეთ მათი სუსტი იმუნიტეტის გამო. ესენი არიან ასაკოვანი ადამიანები, შშმ პირები, ორსულები და ა.შ. ისინი რისკის წინაშე არიან, რომ ეს დაავადება შესაძლოა გაურთულდეთ. კორონავირუსი სამწუხაროდ არსად არ წასულა, ამიტომ უნდა შევეჩვიოთ მასთნ ერთად ცხოვრებას. აუცილებელია ყველამ ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა იყოს მეტად დაცული. ეს განსაკუთრებით ეხებათ რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაიცვან ზოგადი ჰიგიენური ნორმები და დისტანცია, კარგი იქნება თუ დახურულ სივრცეში გამოიყენებენ პირბადეს”,– განაცახადა ნელი ხიზანიშვილმა.

 

ვაქცინაციის სტატისტიკა თვეების მიხედვით:

• იანვარი -11230
• თებერვალი-5624
• მარტი-1761
• აპრილი- 781
• მაისი-329
• ივნისი-206
• ივლისი -280
• აგვისტო-209
• სექტემბერი-218
• ოქტომბერი-27
• სულ -20665