ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის თეატრში წიგნის „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“ პრეზენტაცია გაიმართა

თელავის თეატრის ფოიეში წიგნის „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ამავე სახელწოდების პროექტის ერთგვარი შემაჯამებელი დოკუმენტაციაა. პროექტი 2020-2022 წლებში განახორციელა სათემო განვითარების ცენტრმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით და მისი მიზანი მაწანწრის (ასევე მომიჯნავე – დაბახნების) უბნის წარსულისა და დღევანდელობის კვლევა და მოსახლეობის ჩართულობით მის სამომავლო განვითარების გზებზე მსჯელობის წახალისება გახლდათ.

სათემო განვითარების ცენტრის დირექტორის, ანა მარგველაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა: ისტორიული, სოციოლოგიური და მწვანე სივრცეების კვლევა და რამდენიმე სამეზობლო შეხვედრა. მისი თქმით, წიგნი – „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი – მაწანწრის უბნის ამბები“ უბნის წარსულსა და დღევანდელობაზე ერთდროულად მოგვითხრობს და ისტორიული უბნის შესწავლისა და განვითარების საინტერესო ხედვებს გვთავაზობს.

წიგნის ავტორები − ანა მარგველაშვილი, თენგიზ სიმაშვილი, თამარ სიხარულიძე;
მკვლევრები − თამარ ზურაბიშვილი ( სოციოლოგი), კახა სუხიტაშვილი (ეკოლოგი);
სპეციალურად წიგნისთვის შექმნილი ნახატების ავტორი – ლევან როსტომაშვილი;
პროექტის პარტნიორია – მედია ცენტრი კახეთი.
პრეზენტაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, ერეკლეობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში.