ახალი ამბები

ევროპარლამენტარები დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს.

ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული. კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“.

„კომიტეტი მოვუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ. თუ ეს ცნობები დადასტურდა, მოუწოდებს მისი და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“, – აღნიშნულია ტექსტში.

ამავე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.

ამასთან, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა“.

„ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

ამასთან, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ცვლილება მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

„კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის დონეს, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია ტექსტში.

ამასთან, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იქნას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ტექსტში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუშვას მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“, – აღნიშნულია ტექსტში.

ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.

„მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში კი აღნიშნულია:

„[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება; საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე“.

რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებული ცვლილებები ასევე შეეხება ნიკა გვარამიას. ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.

„გმობს 2022 წლის 16 მაისს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას, გვარამიას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.

„სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.