ახალი ამბები

სიღნაღში ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის დასადგმელად თანხის შეგროვება დაიწყო

ყოფილი ჟურნალისტი, აქტიური მოქალაქე ნინო ჭაბაშვილი, მოქალაქეებთან ერთად ქალაქ სიღნაღში, ან სოფელ ანაგაში, ქართველი მომღერლის, სახალხო მოლექსეს, მასწავლებლის, „საქართველოს ხმად“ აღიარებული და საქართველოს სახალხო არტისტის, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის.

ნინოს თქმით, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის თაბაშირში ჩამოსხმული 3.5 მეტრის სიმაღლის მაკეტი უკვე წლებია დგას მოქანდაკე მერაბ გაგლოევის სახელოსნოში. ნინო აღნიშნავს, რომ დღემდე არ გამოჩნდა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოქანდაკეს დაეხმარებოდა – ძეგლი ბრინჯაოში ჩამოესხა და დაედგა გონაშვილის მშობლიურ მუნიციპალიტეტში.

ჰამლეტ გონაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში დაიბადა. მისი ნამღერი სიმღერები პოპულარობას დღესაც არ კარგავს.

,,წლების წინ, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის მაკეტის ავტორთან, მოქანდაკე მერაბ გაგლოევთან მქონდა შეხება და ვიცოდი მისი ინიციატივის შესახებ. იმის შემდეგ გავიდა 10 წელი და მას ქუჩაში შევხვდი და როცა გავისაუბრეთ, გავიგე, რომ ინიციატივა ინიციატივად დარჩა და ეს მაკეტი ისევ მის სახელოსნოშია. მას ვკითხე რამდენად იყო თანახმა, რომ ამაზე ინფორმაცია გამევრცელებინა და ჩემს მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მეგობრებისთვის დახმარება მეთხოვა ინიციატივის განხორციელებისთვის. ჰამლეტ გონაშვილი არის ჩვენი განძი და მისი ხმა დღემდე კვლევის საგანია. ამიტომ მისი ძეგლი უნდა იდგეს მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელით. ამისთვის შესაძლებელია საინიციატივო ჯგუფის შექმნა”,- განაცხადა ნინო ჭაბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის ავტორი, მოქანდაკე მერაბ გაგლოევი, რომლის სახელოსნოშიც ათეული წლებია ძეგლის მაკეტი დგას, სახალხო არტისტს პირადად იცნობდა. მისი თქმით, ის ჰამლეტ გონაშვილს აკვირდებოდა ნაკვთებზე და დგომის მანერებზე, რომელიც სწორედ მაკეტის დამზადების დროს გამოიყენა.

მერაბ გაგლოევი აცხადებს, რომ საჭირო მასალის მობილიზების შემთხვევაში, ის და სხვა მოქანდაკეები, რომელიც ძეგლის დადგმაში მიიღებენ მონაწილეობას, ჰონორარს არ მოითხოვენ.

,,ჰამლეტ გონაშვილი 1983 წელს გავიცანი. ის სცენაზე მღეროდა. სანამ სიმღერას დაიწყებდა, მანამდე რამდენიმე წუთი ემზადებოდა ხოლმე. სწორედ მაშინ დავიმახსოვრე მისი დგომის მანერა, რომელიც მაკეტის შექმნისას გამოვიყენე. მას მერე სულ ახლო მივდიოდი და ვაკვირდებოდი ნაკვთებზე. ის იყო კლასიკური აღნაგობის ადამიანი, როგორც ფიზიკურად იყო ლამაზი, ასეთივე ლამაზი ხმა ჰქონდა. 1985 წლის ივლისს ტრაგიკულად გარდაიცვალა ჰამლეტ გონაშვილი.

როცა გადავწყვიტე ძეგლის მაკეტის დამზადება, მივედი ჰამლეტის ოჯახში, სადაც თბილად მიმიღეს. ოჯახმა ალბომები, ფოტოები, 150-მდე ფოტო გამომატანა. პირველად გავაკეთე ესკიზი და სანახავად დავპატიჟე მისი მეუღლე და ორი ვაჟი, რომ ნახეს გაოცებული დარჩნენ. ამის შემდეგ მე კიდევ გავაკეთე ბიუსტი, რომელიც 2000 წელს დაიდგა რუსთავში ქალაქობასთან დაკავშირებით. იმის შემდეგ კი ესკიზი გავადიდე და ბოლო მაკეტი სამ მეტრ ნახევარია სიმაღლეში. ამდენი დროის შემდეგ მაინც არ გვეღირსა დაფინანსება და მისი ძეგლის დადგმა.

განიხილება ძეგლის დასამზადებლად 3 ვერსია: ფერადი ლითონით ბრინჯაოში, ამას დასჭირდება 2 ტონა ბრინჯაო და სხვა მასალები. მისი დამზადება დაჯდება 120 000 ლარი. ის იქნება გამძლე და საუკუნეებს გაუძლებს. მეორე ვარიანტია ხელოვნური მარმარილოს მასალით გაკეთება. ამ შემთხვევაში, შესაძლოა მალე დაზიანდეს. ეს ჯდება 80 000 ლარი, მონტაჟის ჩათვლით. ბეტონით გაკეთების შემთხვევაში კი მას მოვლა სჭირდება სისტემატიურად. მისი დამზადება დაჯდება 50 000 ლარი”,- აცხადებს მერაბ გაგლოევი.

ნინო ჭაბაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.

,,მოქანდაკე აცხადებს, რომ თვითონ უარს ამბობს ჰონორარზე და ის მოქანდაკეებიც, რომლებიც ძეგლის ჩამოსხმაში მიიღებენ მონაწილეობას, ჰონორარს არ მოითხოვენ. თანხა მხოლოდ გვჭირდება ძეგლის გასამზადებლად საჭირო მასალისთვის, შემდეგ მისი ადგილზე გადატანის და დამონტაჟებისთვის. თანახმა ვართ ვინმე, თუნდაც საჭირო მასალით დაგვეხმაროს თანხის სანაცვლოდ. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, როგორც საქართველოდან, ასევე მის ფარგლებს გარედანაც. ადამიანებს ერთად ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია. პოსტს, რომელიც მე გამოვაქვეყნე, თან ერთვის ანგარიშის ნომერი, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ, სოფელი ანაგა ტურისტული ადგილი გახდება, ბევრი ადამიანი ჩამოვა გონაშვილის ძეგლის სანახავად. ასევე სოფელშია მისი სახლი, რომელიც დანგრეულია და მძიმე მდგომარეობაშია, მომავალში მისი გაკეთებაც არის შესაძლებელი”,-აცხადებს ნინო.

მსურველებს თანხის დარიცხვა საქართველოს ბანკის ანგარიშზე შეუძლიათ:
GE42BG0000000538748821
მიმღები: მოქანდაკე მერაბ გაგლოევი.