ახალი ამბები

კახეთში წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი ევროპის ბაზარზე იყიდება

კახეთში წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი ევროპის ქვეყნებში იყიდება.

საექსპორტო პროდუქციას „ეკო ჯორჯიან გრუპი“ აწარმოებს, რომელიც კახეთში 2018 წლიდან, ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო წარმოებას ფლობს. ყურძნის წიპწის ზეთი ცივად გამოხდის მეთოდით მზადდება.

კომპანია გამოწურული ყურძნის ნარჩენს ახლომდებარე ქარხნებიდან იბარებს, შესაბამისად, წარმოების ციკლი რთველზეა მიბმული.

როგორც „ეკო ჯორჯიან გრუპში“ ამბობენ, საქართველოში ყურძნის წიპწის რეალიზაცია ჭირს, რადგან, პროდუქტის ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე დაბალია, თუმცა ამ დარგს ქვეყანაში განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყურძნის წიპწის ზეთი როგორც კვების მიმართულებით, ისე უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკაში გამოიყენება.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „ეკო ჯორჯიან გრუპი“ სეზონზე 1000-2000 ტონამდე გამოწურული ყურძნის ნარჩენს იბარებს. კომპანიას აქვს რესურსი, რომ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, სეზონზე 50 ტონამდე წიპწის ზეთი აწარმოოს.