ახალი ამბები

9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 326 ადამიანი ემსხვერპლა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 326 ადამიანი ემსხვერპლა.

გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 9 თვეში სულ 4 060 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მათ შორის 139 სიმთვრალით იყო გამოწვეული. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 5 704 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, 2022 წლის სამ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 11 136 ხანძარი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 44 ადამიანი, 148 მოქალაქემ კი ტრავმა მიიღო. ხანძრების შედეგად 342 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობას, 9 თვის მონაცემებით, მოძალადე 5 585 ადამიანი იყო. მათგან 4 695 კაცი და 890 ქალია. იანვარ-სექტემბერში მსხვერპლთა რაოდენობამ 5 958 ადამიანი შეადგინა, მათი უმრავლესობა, 5 003 ქალია, 955 კი – მამაკაცი.

9 თვეში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წელზე უმცროსი ასაკის 186 ბავშვი და 60 წელზე უფროსი ასაკის 869 მოხუცი იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა (2 761), შემდეგ მოდის ქვემო ქართლი (671) და კახეთი (642).

საქსტატის თანახმად, 9 თვეში ტრეფიკინგის მუხლით 8 დანაშაულია ჩადენილი და აქედან ერთი საქმეა გახსნილი.

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბრის პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობამ 42 012 შეადგინა.