ახალი ამბები

საქსტატი- რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარს სასმელი წყალი არ მიეწოდება

საქსტატის მონაცემებით, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარს სასმელი წყალი არ აქვს.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობის 65% სასმელ წყალს დამოუკიდებლად მოიპოვებს, რისთვისაც ძირითადად იყენებს მიწისქვეშა წყლებს (ჭები, წყაროები). როგორც სპეციალისტები ამბობენ, მიწისქვეშა წყლის დონე საგრძნობლად დაწეულია და რეკორდულად იზრდება ინდივიდუალურად მიწის გაბურღვის შედეგად წყლის მოპოვების შემთხვევები, რაც მიწისქვეშა წყლების დაბინძურების საფრთხეს ზრდის.

ამას ემატება ისიც, რომ სასოფლო ტიპის დასახლებების 95%-ზე მეტს ამ დრომდე არ აქვთ მოწესრიგებული წყალარინები, ანუ საკანალიზაციო სისტემა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული კანონმდებლობით, წყალმომარაგება მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა, თუმცა მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში წყალმომარაგების კომპანია არ ოპერირებს.

წლებია თაროზეა შემოდებული წყლის კოდექსის ამოქმედებაც, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ წყალმომარაგება ყველა სოფელსა თუ ქალაქში ხელმისაწვდომი გახდეს. ამასთან, გაეროს განვითარების სტრატეგიაში გათვალისწინებულია, რომ წყალმომარაგებამ 2024 წლისთვის მთელი საქართველო მოიცვას.