სიღნაღში ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდიან
ყოფილი ჟურნალისტი, აქტიური მოქალაქე ნინო ჭაბაშვილი, მოქალაქეებთან ერთად სიღნაღში, ან ანაგაში ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის.
მისი თქმით, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის თაბაშირში ჩამოსხმული 3.5 მეტრის სიმაღლის მაკეტი უკვე წლებია დგას მოქანდაკე მერაბ გაგლოევის სახელოსნოში. ნინო აღნიშნავს, რომ დღემდე არ გამოჩნდა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოქანდაკეს დაეხმარებიდნენ – ძეგლი ბრინჯაოში ჩამოესხა და დაედგა ან გონაშვილის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. ნინო ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერალი, სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, „საქართველოს ხმად“ აღიარებული და საქართველოს სახალხო არტისტი ჰამლეტ გონაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში დაიბადა. მისი ნამღერი სიმღერები პოპულარობას დღესაც არ კარგავს.
,,წლების წინ, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის მაკეტის ავტორთან, მოქანდაკე მერაბ გაგლოევთან მქონდა შეხება და ვიცოდი მისი ინიციატივის შესახებ. იმის შემდეგ გავიდა 10 წელი და მას ქუჩაში შევხვდი და როცა გავისაუბრეთ, გავიგე, რომ ინიციატივა ინიციატივად დარჩა და ეს მაკეტი ისევ მის სახელოსნოშია. მას ვკითხე რამდენად იყო თანახმა, რომ ამაზე ინფორმაცია გამევრცელებინა და ჩემს მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მეგობრებისთვის დახმარება მეთხოვა ინიციატივის განხორციელებისთვის. ჰამლეტ გონაშვილი არის ჩვენი განძი და მისი ხმა დღემდე კვლევის საგანია. ამიტომ მისი ძეგლი უნდა იდგეს მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში.
ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელით. ამისთვის შესაძლებელია საინიციატივო ჯგუფის შექმნა. მოქანდაკე აცხადებს, რომ თვითონ უარს ამბობს ჰონორარზე და ის მოქანდაკეებიც რომლებიც ძეგლის ჩამოსხმაში მიიღებენ მონაწილეობას, ჰონორარს არ მოითხოვენ. თანხა მხოლოდ გვჭირდება ძეგლის გასამზადებლად საჭირო მასალისთვის, შემდეგ მისი ადგილზე გადატანის და დამონტაჟებისთვის
განიხილება ძეგლის დასამზადებლად 3 ვერსია: ბრინჯაოს მასალით ძეგლის ჩამოსხმის შემთხვევაში, ის იქნება გამძლე და საუკუნეებს გაუძლებს. ხელოვნური მარმარილოთი დამზადების შემთხვევაში, შესაძლოა მალე დაზიანდეს და ბეტონით გაკეთების შემთხვევაში კი მას მოვლა სჭირდება სისტემატიურად.
ჰონორარების გარეშე მხოლოდ ხარჯი, ბრინჯაოს შემთხვევაში არის 130 000 ლარი, მარმარილოს შემთხვევაში 80 000 ლარი და ბეტონის 50 000 ლარი. თანახმა ვართ ვინმე თუნდაც საჭირო მასალით დაგვეხმაროს თანხის სანაცვლოდ.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, როგორც საქართველოდან ასევე მის ფარგლებს გარედანაც. ადამიანებს ერთად ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ, სოფელი ანაგა ტურისტული ადგილი გახდება, ბევრი ადამიანი ჩამოვა გონაშვილის ძეგლის სანახავად. ასევე სოფელშია მისი სახლი, რომელიც დანგრეულია და მძიმე მდგომარეობაშია, მომავალში მისი გაკეთებაც არის შესაძლებელი”,- განაცხადა ნინო ჭაბაშვილმა.