ახალი ამბები

რისი შეცვლა შეუძლია მოხალისეობრივ ინიციატივებს

მიუხედავად არასამთავრობო და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტებისა, ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში თუ განხორციელებულ პროექტებში დაბალია.

კახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილი კი ცდილობს მოხალისეობრივად სხვადასხვა აქტივობების და პროექტების განხორციელებას და მასში სხვა ადგილობრივების ჩართვას.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გიორგი ედიშერაშვილმა, რომელიც ამასთანავე ახალგაზრდა მუშაკია, მუნიციპალიტეტში ღია კინოთეატრის ინიციატივა განახორციელა. მან სხვა ახალგაზრდებთან ერთად, შეძლო და სოფლის მოსახლეობის ფინანსური თანადგომით ააშენა სივრცე, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და ღონისძიებების ჩატარება შეუძლია.

,,ახალგაზრდული მუშაკები ვიკვლევთ ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭროებებს და ამის მიხედვით ვგეგმათ პროექტებს. სწორედ ასე მოხდა ლაგოდეხის მუნიციალიტეტის სოფელ აფენში, ახალგაზრდები გამოვკითხეთ და გამოიკვეთა, რომ მათ დიდ ნაწილს აწუხებდა ალტერნატიული სივრცის არარსებობის პრობლემა, სადაც სკოლის შემდეგ თავისუფალ დროს შეიკრიბებოდნენ და დროს გაატარებდნენ სასიამოვნოდ ან დაგეგმავდნენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ამიტომ შევჯერდით, რომ გაგვეკეთებინა ღია კინოთეატრის პროექტი და დადგა გამოწვევა ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებით. ზუსტად ამ დროს ,,ორბელიანი საქართველოს”, რომელიც თანხების მოძიების ახალ მეთოდზე მუშაობს საქართველოში, ჰქონდა გამოცხადებული იდეების კონკურსი.

ეს გულისხმობდა იდეის განხორციელებისთვის თანხის ნაწილის სახალხო დაფინანსებას, ხოლო მეორე ნაწილის დაფინანსებას თავად ახდენდნენ. თანხის შეგროვების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება დავგეგმეთ ადგილობრივების მონაწილეობით, მოვაწყეთ გამოფენები, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა და ასევე კონცერტი. მეორე ეტაპი იყო წარმატებულ ადამიანებთან, ბიზნესებთან სტუმრობა, კონკრეტული შეთავაზებებით და მათგან გარკვეული თანხით დაფინანსება. მათაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ბიუჯეტში. გარდა ამისა, მე ვიყავი იტალიაში მოხალისედ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, მათ დავუკავშირდი, გავაცანი ეს იდეა და ძალიან მოეწონათ. ჩვენს დასახმარებლად გააკეთეს ღონისძიება, მოაგროვეს თანხა და გადმოგვიგზავნეს.

ასე ნაწილ-ნაწილ შევაგროვეთ თანხა, რაც ინიციატივის განსახორციელებლად საკმარისი აღმოჩნდა. ეს არის ძალიან ლამაზი და მწვანე სივრცე, ახალგაზრდები აქტიურობენ, აკეთებენ ღონისძიებებს, სკოლაც ღია გაკვეთილებს გეგმავს და ატარებს ამ სივრცეში. ახალგაზრდები არიან საზოგადოების ყველაზე ენერგიული და ინტელექტუალური ნაწილი. იმ ქვეყნებშის სადაც ახალგაზრდები აქტიურები არიან, მათი ეკონომიკური მდგომარეობა მაღალ დონეზეა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდების გააქტიურება, მათ მიერ ინიციატივების დაყენება, პირდაპირპროპორციულია ქვეყნის განვითარებასთან”,- განაცხადა გიორგი ედიშერაშვილმა.

მეორე მოხალისეობრივი ინიციატივა კი რომელიც თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, გიორგი ბეჟანიშვილმა განახორციელა, არის სამაგიდო თამაშების კლუბის შექმნა. გიორგი განმარტავს, რომ მისით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და ეს მათთვის განტვირთვის და დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობაა.

,,3 წლის წინ მე შევიძინე სამაგიდო თამაში და მომეწონა. თავად სამაგიდო თამაშები როგორც განსხვავებული თამაში, სწორედ მაგით დავინტერესდი. ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ და უკვე გაგვაჩნია 70-ზე მეტი სახის თამაში, ასევე გვაქვს სივრცე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ეს არის ახალგაზრდებისთვის გართობის დასვენების და საინტერესო შეხვედრების ცენტრი.
ჩვენთან სხვადასხვა ასაკის ადამიანები დადიან. თამაშების ასაკიც განსხვავებულია. გვაქვს თამაშები რომელიც შეიძლება 5 წლის ბავშვებმა ითამაშონ, ასევე გვაქვს მოზარდებისთვის თამაშები და სხვა მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, გვაქვს ,,ჯუნიორ კლუბი”, სადაც დადიან ბავშვები და ასევე გვაქვს ზრდასრული ადამიანებისთვის კლუბი.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გააქტიურება. ჩვენ თუ სხვადასხვა უნარები და კომპეტენციები არ განვივითარეთ, ისე არაფერი გამოვა და ვერაფერს მივაღწევთ. შესაბამისად მნიშვნელოვანია არაფორმალური სივრცეების ფუნქციონირება.
თუ ადამიანს ექნება ცოდნა, აუცილებელია პრაქტიკა, სხვადასხვა საქმეში გაერთიანება. დღეს არის ნიჰილიზმი, ტვინების გადინება და ნაკლებად ხდება ჩვენი უნარების რეალიზება, იმიტომ რომ ცოტა ადამიანია, რომელიც ინიციატივის გამომჩენია თელავში და კახეთში”,-
განაცხადა გიორგი ბეჟანიშვილმა.

აქტიური მოქალაქე ნინო ჭაბაშვილი სიღნაღში, ან ანაგაში ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის თაბაშირში ჩამოსხმული 3.5 მეტრის სიმაღლის მაკეტი უკვე წლებია დგას მოქანდაკე მერაბ გაგლოევის სახელოსნოში. მისი თქმით, დღემდე არ გამოჩნდა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოქანდაკეს დაეხმარებიდნენ – ძეგლი ბრინჯაოში ჩამოესხა და დაედგა ან გონაშვილის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. ნინო ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად თანხის შეგროვება დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერალი, სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, „საქართველოს ხმად“ აღიარებული და საქართველოს სახალხო არტისტი ჰამლეტ გონაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში დაიბადა. მისი ნამღერი სიმღერები პოპულარობას დღესაც არ კარგავს.

,,წლების წინ, ჰამლეტ გონაშვილის ძეგლის მაკეტის ავტორთან, მოქანდაკე მერაბ გაგლოევთან მქონდა შეხება და ვიცოდი მისი ინიციატივის შესახებ. იმის შემდეგ გავიდა 10 წელი და მას ქუჩაში შევხვდი და როცა გავისაუბრეთ, გავიგე, რომ ინიციატივა ინიციატივად დარჩა და ეს მაკეტი ისევ მის სახელოსნოშია. მას ვკითხე რამდენად იყო თანახმა, რომ ამაზე ინფორმაცია გამევრცელებინა და ჩემს მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მეგობრებისთვის დახმარება მეთხოვა ინიციატივის განხორციელებისთვის. ჰამლეტ გონაშვილი არის ჩვენი განძი და მისი ხმა დღემდე კვლევის საგანია. ამიტომ მისი ძეგლი უნდა იდგეს მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში.

ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელით. ამისთვის შესაძლებელია საინიციატივო ჯგუფის შექმნა. მოქანდაკე აცხადებს, რომ თვითონ უარს ამბობს ჰონორარზე და ის მოქანდაკეებიც რომლებიც ძეგლის ჩამოსხმაში მიიღებენ მონაწილეობას, ჰონორარს არ მოითხოვენ. თანხა მხოლოდ გვჭირდება ძეგლის გასამზადებლად საჭირო მასალისთვის, შემდეგ მისი ადგილზე გადატანის და დამონტაჟებისთვის
განიხილება ძეგლის დასამზადებლად 3 ვერსია: ბრინჯაოს მასალით ძეგლის ჩამოსხმის შემთხვევაში, ის იქნება გამძლე და საუკუნეებს გაუძლებს. ხელოვნური მარმარილოთი დამზადების შემთხვევაში, შესაძლოა მალე დაზიანდეს და ბეტონით გაკეთების შემთხვევაში კი მას მოვლა სჭირდება სისტემატიურად.

ჰონორარების გარეშე მხოლოდ ხარჯი, ბრინჯაოს შემთხვევაში არის 130 000 ლარი, მარმარილოს შემთხვევაში 80 000 ლარი და ბეტონის 50 000 ლარი. თანახმა ვართ ვინმე თუნდაც საჭირო მასალით დაგვეხმაროს თანხის სანაცვლოდ.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბევრი ადამიანი დამიკავშირდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, როგორც საქართველოდან ასევე მის ფარგლებს გარედანაც. ადამიანებს ერთად ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ამ ინიციატივის განხორციელების შემდეგ, სოფელი ანაგა ტურისტული ადგილი გახდება, ბევრი ადამიანი ჩამოვა გონაშვილის ძეგლის სანახავად. ასევე სოფელშია მისი სახლი, რომელიც დანგრეულია და მძიმე მდგომარეობაშია, მომავალში მისი გაკეთებაც არის შესაძლებელი”,- განაცხადა ნინო ჭაბაშვილმა.

საქართველოს ბანკი
GE42BG0000000538748821
მოქანდაკე მერაბ გაგლოევი.