საავიაციო უნივერსიტეტი-თელავის აეროდრომი ფრენების მისაღებად მზადაა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის’’ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ თელავის აეროპორტი “მიმინო” ფრენების მისაღებად მზად არის.
დაწესებულება “აკ ეარ ჯორჯიასა’’ და სახელმწიფოს შეთანხმებას ელოდება. ამ ეტაპზე კომპანიასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება ფრენების საფასურსა და სუბსიდირების საკითხზე მიმდინარეობს.
“ფრენების დაწყება “აკ ეარ ჯორჯიასა’’ და სახელმწიფოს პრეროგატივაა. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სახელმწიფოს მხრიდან შიდა ფრენებზე ტენდერია გამოცხადებული, კომპანია დამოუკიდებლად ფრენას ვერ დაიწყებს, რადგან ეს წამგებიანი იქნება. ძირითადად მოლაპარაკებები ეხება ფრენის საფასურს და სუბსიდირებას, რადგან შიდა ფრენებს ყოველთვის სახელმწიფო ასუბსიდირებს, რაც ტურიზმის განვითარებსითვისაა საჭირო”, – აცხადებს დავით ტეფნაძე.
ფრენები სავარაუდოდ თელავი-ბათუმი, თელავი-მესტიის მიმართულებით შესრულდება.
თელავის აეროპორტი “მიმინო” საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია, სადაც სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკები ხორციელდება. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით:აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.
თელავის აეროპორტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რასაც ადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი. აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.
ნახეთ ამავე საკითხზე მომზადებული მასალები:
აეროპორტი “მიმინო” 30-წლიანი პაუზის შემდეგ შიდა რეისებს განაახლებს
რა მიმართულებით იგეგმება შიდა რეისების შესრულება თელავის აეროპორტიდან
თელავი-ბათუმისა და მესტია-ბათუმის მიმართულებით შესაძლოა რეგულარული ფრენები დაინიშნოს
რა ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების დაწყება

