ახალი ამბები

რა ტურისტულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების დაწყება

თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მიღებას დაიწყებს. აეროდრომის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო, უკვე დასრულდა.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ აეროპორტში, სადაც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება. მისი თქმით, აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ რეაბილიტირებული აეროდრომი აკმაყოფილებს ყველა პირობას იმისთვის, რომ 20 ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავები მიიღოს. აეროპორტს ასევე შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.

,,2012 წლის შემდეგ თელავის აეროპორტი საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაშია, აქ დღემდე მიმდინარეობს სწავლება როგორც საფრენოსნო კუთხით, ასევე საინჟინრო კუთხით. ყოველ წელს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ამიტომ აეროდრომს გეგმიურად უწევდა რეაბილიტაცია და უკვე საჭირო იყო მთლიანი აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლება. გარემონტდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, სადგომი საჰაერო ხომალდებისთვის და ფაქტობრივად, განახლდა მთლიანი ინფრასტრუქტურა. ასევე, საერთაშორისო კოდის -2 B კატეგორიის სეტრიფიკატი გაიცა საქართაველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ ”,- განუცხადა knews.ge-ს დავით ტეფნაძემ.

მისი თქმით, აეროდრომი სრულად პასუხობს მოთხოვნებს და მზად არის რომ მიიღოს ნებისმიერი საჰაერო ხომალდი. დავით ტეფნაძე აცხადებს, რომ ამის შემდეგ მათ საშუალება ექნებათ შიდა ფრენები ტურისტული მიმართულებითაც განახორციელონ.

,,შიდა ფრენების განხორციელების კუთხით აეროპორტს აქვს საკმაო რესურსი. გარდა ამისა, კახეთი ტურისტებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, ასევე, მათ აინტერესებთ ღვინის ტურიზმი და სხვადასხვა ადგილების მონახულება. ჩვენი ჩანაფიქრიც იყო ეს, რომ აეროპორტი მომსახურებოდა არამარტო ჩვენს სტუდენტებს სასწავლო ფრენებით, არამედ მიგვეცა საშუალება ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომ შეესრულებინათ საქართველოს სხვა ტერიტორიიდან სამგზავრო თუ სატვირთო ფრენები. მსურველებს ჩვენ თვითონაც ვთავაზობთ 2 და 4 ადგილიანი თვითმფრინავებით ადგილობრივ ტურებს და ასევე შემდეგ შევთავაზებთ ჩარტერულ რეისებს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით”,- აცხადებს დავით ტეფნაძე.

,,მიმინოს” ამ დროისთვის ოთხი ორ ადგილიანი და ერთი ოთხ ადგილიანი ხომალდი ყავს, რომელიც ამ დროისთვის ემსახურება სტუდენტებს და ასრულებს ადგილობრივ ფრენებს. სამომავლოდ კი დაგეგმილია მათი გამოყენებით ფრენების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

,,რაც შეეხება შიდა ფრენებისთვის საჭირო მომსახურე პერსონალს, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სხვადასხვა აეროპორტებში მუშაობენ და მათთვის აქ, ადგილზეც, არ იქნება მუშაობის პრობლემა”,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას დავით ტეფნაძემ.

კახეთის სახელმწიფო ადმინისტრაციიის რეგიონული პროქტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნათია ტატიშვილი განმარტავს, რომ თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების დაწყება კახეთში ეკონომიკის გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა კახეთის რეგიონისთვის და მასშტაბურად რომ შევხედოთ პროექტის დასრულებას, ეს კახეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმიტომ, რომ ერთგვარი სტიმულატორი იქნება.

კახეთს ორი მძლავრი მიმართულება აქვს ეკონომიკაში: ეს არის ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. სწორედ ამ ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანია შიდა ფრენების განხორციელება იმიტომ, რომ რეგიონს მეტი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა ექნება საჰაერო მიმოსვლით და ეს იქნება დამატებითი შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული გზები შენდება, შიდა ფრენები არის დამატებითი შესაძლებლობა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომ მოკლე დროში ეწვიონ კახეთს მაგალითად, ქუთაისის აეროპორტიდან.

ასევე, მნიშვნელოვანია ეს ტურიზმის განვითარებისთვისაც. კახეთი ერთ-ერთი პირველია ტურიტული ნაკადების რაოდენობის მხრივ და მიუხედავად პანდემიისა, რეგიონმა უამრავი შიდა ტურისტი მიიღო. სწორედ ამ მიმართულებით შიდა ფრენების ამოქმედება ეკონომიკის განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს”,- განაცხადა ნათია ტატიშვილმა.

ტურიზმის სფეროში მომუშავე დაწესებულებებში აცხადებენ, რომ რეგიონში შიდა ფრენების აღდგენა მათზე დადებითად აისახება და ტურისტების რიცხვის გაზრდას შეუწყობს ხელს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მცხოვრებ ახალგაზრდას, თეონა თაბორიძეს ეკო ტურისტული კომპლექსი ,,Melaanian Vintage’’ აქვს. პროფესიით ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრ ახალგაზრდას მსგავსი საქმიანობის დაწყების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. მისი თქმით, საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმრო რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.

მისივე განმარტებით, Melaanian Vintage–მა „აწარმოე საქართველოს“ 17 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. საოჯახო სასტუმროში ამ ეტაპზე 4 ნომერია, რომელშიც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

,,ჩვენი ეკოტურისტული მეურნეობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ეს არის საოჯახო სასტუმრო, სხვადასხვა მასტერკლასები, ინოვაციური ეკომიმართულება, და ბიო ნატურალური ჩაის შეთავაზება და სხვა.

შიდა ფრენების დაწყება ძალიან კარგი სიახლეა. ეს არის ტურიზმისთვის დიდი წახალისება და სტიმული. კახეთის რეგიონზე, ოთხივე სეზონის განმავლობაში, მოთხოვნა სულ არის და ინფრასტრუქტურის მოწყობა, აეროპორტის ამუშავება სხვადასხვა ინტერესის მქონე ტურისტებს ხელს შეუწყობს ჩამოსვლისთვის.

მაგალითად, როდესაც ბიზნეს ტურისტი ჩამოდის და მას როცა უნდა ნახოს მაგალითად მოკლე დროში კახეთი, სწორედ ეს ფაქტი შეუწყობს ხელს, რომ გადმოფრინდეს, ნახოს ადგილები და ისევ გადაფრინდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სვანეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, ,,მიმინოც” ძალიან კარგად იმუშავებს”,- განუცხადა Knews.ge-ს თეონა თაბორიძემ.

იხილეთ აღნიშნულ საკითხზე რადიო გადაცემა:

რა შესაძლებლობებს შექმნის თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების დაწყება