ახალი ამბებისტატიები

ალავერდში ყველის ფესტივალისთვის ემზადებიან

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ,,ყველის ზეიმის“ ჩატარება 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო გადაიდო. 

ღონისძიება მიზნად ისახავს, ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაციას, ასევე ყველის მწარმოებლების ერთმანეთთან დაკავშირებას და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვრცლად ამ საკითხზე ჩვენს ინტერვიუში წაიკითხავთ. ჩვენს კითხვებს ,,ბრიჯ–ინოვაცია განვითარების“ გამგეობის თავმჯდომარე ნინო ქარელი პასუხობს.
–ქალბატონო ნინო, რა ისტორია აქვს ყველის ზეიმს, სად ტარდება და მერამდენედ იმართება ის?
„ყველის ზეიმის დღე“ ახმეტის მუნიციპალიტეტში პირველად შარშან, 2021 წელს გაიმართა და ვაპირებთ ყოველ წელს გავმართოთ.
–რა სიახლეა წლევანდელ ფესტივალზე და რამდენად მასშტაბური იქნება წელს ღონისძიება? იღებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი ფერმერები და ვინ არიან ისინი?
წელს მოწვეული გვყავს ფერმერები და მეწარმეები არა მხოლოდ ახმეტიდან, არამედ თელავის მუნიციპალიტეტიდანაც. გამოფენა იქნება მრავალფეროვანი. სტუმრებს შორის გვეყოლება კახეთის გუბერნატორი, ახმეტის მერი, ასევე საპატიო სტუმარი ბატონი იაპონიის ელჩი მეუღლითურთ, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, ველოდებით სტუმრებს სოფლის მეურნეობისა და კულტურის სამინისტროებიდან.
–ვინ იღებს მონაწილეობას ფესტივალში?
მასტერკლასებს წარუძღვება ეთნოგრაფი მეყველე, ქალბატონი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე. იგი მეყველე ფერმერებს ჩამოიყვანს სამცხე-ჯავახეთიდან და სხვა რეგიონებიდან.
–რა სახეობის ყველი და სხვა რა პროდუქცია იქნება წარმოდგენილი გამოფენა გაყიდვაზე, რამდენად მრავალფეროვანი იქნება ღონისძიება?
თუშური, პანკისური და დაბალი ზონიდან რძის მრავალფეროვანი პროდუქტები, გოგრის ნაწარმი, ყვავილების ჩაი, ჩურჩხელა და ჩირი, ხელნაკეთი ნივთები, და ნაქარგები და სხვა მრავალი.
–მომავალ წელს თუ გეგმავთ კვლავ ყველის ზეიმის ჩატარებას?
ეს ზეიმის დღე უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ წელს გაიმართება, იმ დროს, როდესაც თუში ფერმერები უკვე ჩამოვლენ ბარში თავისი ნაწარმით.
–რა პროექტის ფარგლებში ტარდება ღონისძიება?
პროექტი, რომელმაც შანსი მოგვცა ეს ზეიმის დღე ტრადიციად გვექცია, არის პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით და ასევე დიდი წვლილი მიუძღვის იაპონიის საელჩოს სრული სამაცივრე და ვაკუუმ-შეფუთვის ინფრასტრუქურის დაფინანსებით.