იარაღის ბრუნვის კონტროლის მექანიზმები იცვლება
იარაღის ბრუნვის კონტროლის მექანიზმები იცვლება. ამასთან დაკავშირებით “იარაღის შესახებ“ კანონში მთელი რიგი ცვლილებები ხორციელდება, რომელიც მთავრობის ინიციატივით უკვე პარლამენტშია.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახის განსაზღვრისას აქცენტი მის დანიშნულებაზე კეთდება. გამომდინარე აქედან, იარაღის რეგისტრაციის დროს მხედველობაში სწორედ ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული დანიშნულება და მიზანი მიიღება.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით კი, სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად ლულის სიგრძე და იარაღის საერთო სიგრძე განისაზღვრება. კანონს ემატება შემდეგი ტერმინები: მოკლელულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 300 მმ ან/და იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 600 მმ. გრძელლულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომელიც არ განეკუთვნება მოკლელულიან იარაღს.
ცვლილების თანახმად, იმის მიხედვით, იარაღი მოკლელულიანია თუ გრძელლულიანი, შეძენის ნებართვა შეიძლება გაიცეს შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით. კერძოდ, ყველა მოკლელულიანი იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი იარაღისა კი – შენახვისა და ტარების უფლებით. კანონის პროექტის თანახმად, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას – 6 თვის ვადაში, 2023 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული იარაღები შენახვის უფლებით უნდა დარეგისტრირდეს.
ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სამსახურებრივ-საშტატო იარაღებისა) შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პირის პასუხისმგებლობას, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი წესით.
გარდა ამისა, მოქმედი რედაქციით, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. პროექტის თანახმად კი, იარაღის შეძენის ნებართვა მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, გრძელხრახნილლულიან ცეცხლასროლ იარაღზე – 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით.
ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, პირი ვალდებულია აღნიშნული იარაღი ნებართვის ხელახალი მოპოვებისა და რეგისტრაციის მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი წესით.
ამასთან, ახალი კანონის ამოქმედებამდე გაცემული იარაღის შეძენის ნებართვა და სარეგისტრაციო მოწმობა გარკვეული ვადის განმავლობაში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. კერძოდ, ხრახნილლულიანი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევაში − იარაღის შეძენის ნებართვა და სარეგისტრაციო მოწმობა ძალაში იქნება აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში, ხოლო გლუვლულიანი და კომბინირებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევაში − იარაღის შეძენის ნებართვა და სარეგისტრაციო მოწმობა ძალაში იქნება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში.
ცვლილება ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების საფუძვლებსაც ეხება. კანონის მოქმედი რედაქციით, ნებართვა უქმდება თუ ნებართვის მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი. პროექტის თანახმად კი, აღნიშნული წესი არ ვრცელდება სხვა ნასამართლობის არმქონე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 192/1, 192/2, 195/1, 196-ე, 198/1, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204/1, 205-ე, 206-ე−208-ე, 213-ე, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 276-ე, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვაზე.
კანონს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიის გაუქმებისა და გაუცემლობის ახალი საფუძვლები ემატება.
კერძოდ, ლიცენზია (ნებართვა) უქმდება თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელად დაედო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ან იარაღის კონფისკაცია (კონფისკაციის შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული ნებართვა). ხოლო ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა თუ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელად დაედო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და გასული არ არის სახდელის ვადა. ასევე, ლიცენზიის (ნებართვის) არ გაცემის ერთ-ერთი საფუძველია გარემოება, როდესაც ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ცვლილება ეხება იარაღის ჩამორთმევის წესსაც. ცვლილების თანახმად, თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი (გარდა იმ მუხლებისა, რომლებიც არ ითვალისწინებს ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებას), შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს. აღნიშნული სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი კი ვალდებულია მსჯავრდებულს განუსაზღვროს 30 დღიანი ვადა იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის.
მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (პირადად ან მინდობილი პირის მიერ) მომსახურების სააგენტო ავტომატურად აუქმებს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას, ხოლო სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფი ახდენს იარაღის ჩამორთმევას.
“იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.