გაიცანით პოლიტიკოსი და აქტიური მოქალაქე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან
აქტიური მოქალაქე და პოლიტიკოსი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სალომე ღონღაძე პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის სხვადასხვა სახის პროექტებში, აქტივობებსა და პროგრამებში მონაწილეობს.
knews.ge აღნიშნული სტატიით გაგაცნობთ სალომე ღონღაძეს, სადაც ის საკუთარ გამოცდილებაზე ვრცლად საუბრობს:
_მოგვიყევით თქვენს შესახებ, სად სწავლობდით და ზოგადად რა არის თქვნი ინტერესის სფერო? რა არის თქვენი საყვარელი საქმე?
_სკოლა ლაგოდეხში დავამთავრე. მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა და შესაბამისად, სწავლისადმი სიყვარული მათი დამსახურებაა. პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და 100 პროცენტიანი დაფინანსებით საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოვხვდი, მეორად პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე. მაგისტრატურაზეც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით განვაგრძე სწავლა და შესაბამისად, ვარ პოლიტიკის მაგისტრი. ამავდროულად, ჯიპაში დავასრულე პიარისა და ღონისძიებების მართვის პროგრამა. ვარ არაერთი პროექტის მონაწილე, მათ შორის პოლიტიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, IRI-ის ერთ-ერთი პროექტის მონაწილე. ასევე, შვედეთის პოლიტიკოს ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული. მუდმივად ვარ ძიების ეტაპზე და ვცდილობ ვიყო საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
გავიზარდე ოჯახში, სადაც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სწავლა-განათლებას და ხელი მეწყობოდა ამ ყველაფერში. შესაბამისად, ბავშვობიდან აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობებში არაფორმალური განათლების მიმართულებით. სკაუტური ორგანიზაციის წევრიც კი ვიყავი, ხოლო 1 წლის მანძილზე იალტაში არსებული ბანაკის ,,არტეკის’’ მშვიდობის ელჩის წოდება მომანიჭა მაშინდელმა ელჩმა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ბედი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვცადე, თუმცა სტაჟირებას დასასრული არ უჩანდა და შესაბამისად საბანკო სექტორში გადავინაცვლე. პირველი ანაზღაურებადი სამსახური იყო საქართველოს ბანკი, სადაც 24 საათიან ფილიალში მოლარე-ოპერატორად ვმუშაობდი. სწრაფად მოხდა ჩემი კარიერული წინსვლა და 23 წლის ასაკში უკვე ერთ-ერთი მსხვილი ბანკის დიდი ფილიალის მმართველი ვიყავი, რომლის დაქვემდებარებაშიც რამოდენიმე სერვის ცენტრი შედიოდა.
_პოლიტიკაზე რომ ვისაუბროთ, როდიდან გაჩნდა სურვილი, რომ თემში რამე შეგეცვალათ თქვენი აქტიურობით? მანამდე როგორც აქტიური მოქალაქე რას აკეთებდით?
_ბანკში 9 წელი დავყავი, თუმცა ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი პროფესიით განვვითარებულიყავი და საკუთარ მუნიციპალიტეტში გამომეყენებინა ის ცოდნა და განათლება, რაც ამ წლების მანძილზე დავაგროვე.
სწორედ ამიტომ დავთანხმდი შემოთავაზებას, მონაწილეობა მიმეღო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. მას შემდეგ დღემდე ვარ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 4 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სოციალური, პოლიტიკის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას და ვარ ავტორი არა-ერთი ინიციატივის. ისეთის, როგორიცაა ახალშობილთა კალათა, მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლების დაფინანსების პროგრამა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა, სტუდენტების დაფინანსების, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის პროგრამა და ა.შ. 2018 წლის თებერვალში ჩემი ინიციატივით შეიქმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც განესაზღვრა მკაფიო მიზნები და ამოცანები.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დავტოვე პარტია ,,ქართული ოცნება“ და შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს, რის შემდეგაც გადამაყენეს თანამდებობიდან და დღემდე მაქვს სასამართლო დავა უკანონოდ გათავისუფლების საკითხზე.
ახლა ვარ მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი და ფრაქცია ,,უკეთესი მომავლისაკენ” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში. ამასთანავე, ვთანამშრომლობ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, როგორც ტრენერი განათლებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ვარ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი. ვცდილობ ყველა პლატფორმა გამოვიყენო იმისათვის, რომ რამენაირად შემცირდეს მუნიციპალიტეტის შიდა და გარე მიგრაცია და ყველა ადამიანს შევუქმნა უკეთესი პირობები ლაგოდეხში ცხოვრებისათვის. ეს მანდატი ხალხის მონიჭებულია და შესაბამისად, ვარ ხალხის, განსაკუთრებით კი ქალების და ახალგაზრდების ხმა საკრებულოში.
_თქვენ აქტიურად იღებდით მონაწილეობას ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე იყრიდით კენჭს. მოგვიყევით ამის შესახებ, რომელი პარტიის წარმომადგენელი იყავით, რა იყო ამ პროცესში ხელის შემშლელი ან ხელის შემწყობი ფაქტორები?
_2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებში წარმოვადგენდი პარტიას ,,გახარია-საქართველოსთვის” ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი. ალბათ რამოდენიმე დღე არ მეყოფა იმ სირთულეებზე სასაუბროდ, რომელიც, როგორც ქალმა კანდიდატმა გავიარე. იყო მუქარა, ჩემი გარემოცვის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, ასევე ძალიან დიდი სირთულეები შემექმნა გუნდის დაკომპლექტების ეტაპზე, რადგან არ აძლევდნენ ჩემთან ურთიერთობის შესაძლებლობას ახალგაზრდებს.
ძალით ხსნიდნენ სიებიდან, აწერინებდნენ განცხადებებს და ა.შ. რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა, რომ არა ოჯახის ხელშეწყობა, ამ ყველაფერს ალბათ ვერ გავუძლებდი. ჩემთვის პრიორიტეტი არის ის თუ რა რელსებზე დგას ჩემი ქვეყანა და მიდის თუ არა ჩემი და ჩემი შვილების მომავალი სწორი მიმართულებით. ასე, რომ მიუხედავად სირთულეებისა, უკან რომ დავბრუნდე, იგივე გზას გავივლიდი, რადგან მენტალური და მორალური აცდენა იყო ჩემსა და მმართველ პარტიას შორის. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ბრმად დაითანხმებ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და სწორედ ეს გახდა შეუთანხმებლობის და კონფლიქტის მიზეზი. ვფიქრობ, ქვეყანა დღეს არ მიდის სწორი მიმართულებით და ცდას არ დავაკლებ, მუნიციპალურ დონეზე, რომ შევცვალო ეს რეალობა უკეთესობისკენ და ევროპა ლაგოდეხიდან იწყებოდეს.
_ადგილობრივ თვითმმართველობაზე რომ ვისაუბროთ, როგორ მუშაობს, რა პრობლემებია ამ კუთხით და თქვენი აზრით როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?
_პირველ რიგში, მინდა განვმატო ზოგადად რა არის თვითმმართველობის არსი, რაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე თანამდებობის პირებს არჩევნების შემდგომ. ეს კონკრეტული სკამი და სავარძელი კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობაა იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც ამა თუ იმ დაპირებას აძლევ, მუდმივად უნდა იზრუნო ამ პრობლემის მოგვარებაზე. შეხვედრები არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. ვცდილობ, ყველა ეტაპზე მქონდეს კონტაქტი მოსახლეობასთან და გავიზიარო მათი აზრი, საჭიროებები, რომელსაც შემდგომ წარვადგენთ საკრებულოს სხდომაზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას მუნიციპალიტეტებში. როდესაც მათ ყველა ეტაპზე რთავ, პასუხისმგებლობაც ნაწილდება და მონიტორინგიც ბევრად უფრო მარტივია. ლაგოდეხში არის აქტიური არასამთავრობო სექტორი. 25 წელია ოპერირებს საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, რომელსაც არა-ერთი მნიშვნელოვანი ადვოკატირების კამპანია განუხორციელებია. მნიშვნელოვანია მათთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი იდეების გაზიარება. მეტად ღია უნდა იყოს თვითმმართველობა მოსახლეობასთან ურთიერთობაში და შესაბამისად მათ პულსზე გვეჭიროს ხელი. პოლიტიკური პოლარიზაცია მტკივნეული თემაა და არც ლაგოდეხია გამონაკლისი.
თუ წარმოადგენ ოპოზიციურ პარტიას, ძნელია შენს იდეას ფრთები შეასხა. სწორედ დეპოლარიზაციით და ამ მანკიერი წრის გარღვევითაა შესაძლებელი ერთად ბევრი კეთილი საქმის კეთება. ამიტომაა, რომ ახალგაზრდებს არ უჩნდებათ სურვილი ჩაერთონ პოლიტიკაში და ძირითადად, კერძო სექტორში საქმდებიან. ნიჰილიზმი და პასიურობა ამ თანმდევი პროცესი გახდა ქართული პოლიტიკის.
როდესაც თბილისის დატოვების და მშობლიურ ქალაქში გადმოსვლის გადაწყვეტილება მივიღე, ბევრად ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი ყველაფერს, თუმცა შიდა პოლიტიკურ წრეებშიც უამრავ ბარიერს აწყდებიან ქალები და სწორედ ამიტომ ვმუშაობ ბევრს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიმართულებით. იმედი მაქვს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობა ცდას არ დააკლებს, შეცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ, გაერთიანდეს საერთონ მტრის წინააღმდეგ და კოალიციის პირობებში შეძლოსნ პოლიტიკის კეთება.
_ბრიუსელში გამართულ სემინარზე რომ მოგვიყვეთ, რამდენი ხნის განმავლობაში იყავით, რას ეხებოდა შეხვედრები და რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება?
ქართულმა დელეგაციამ CEMR-ის მასშტაბურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეგიდით, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილ დელეგატთა შორის ვიმყოფებოდი, როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ბრიუსელში გამართული სემინარი, აღნიშნული საბჭოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო, რომლებიც 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრა რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც მონაწილეები, აუდიტორიის წინაშე, საკუთარ ქვეყნებში და მათ მუნიციპალიტეტებში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების საკითხებზე მოხსენებებით წარდგნენ.
ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე, კერძოდ, ევროინტეგრაციის მიმართულებით რეკომენდაციების აღსრულებაზე და აღნიშნულ პროცესში CEMR-ის ჩართულობის როლზე.