ახალი ამბები

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

განხილვის საგანი “საარჩევნო კოდექსში“ და მასთან ერთად, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები იყო, რაშიც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ერთგვარი კოლიზია დაინახა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საარჩევნო კანონმდებლობაში უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელზეც ახლა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნებს ელოდებიან.

“ამ დროს სხვა კანონპროექტის ინიცირება ხდება. ეს ორი კანონის პროექტი ბევრ საკითხში ერთმანეთს ფარავს, რაღაც დებულებები შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს, რაღაცაში იყოს მცირედი განსხვავება, ხოლო რაღაცაში – სულ სხვადასხვა მიდგომები. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე წამყვანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია და სიღრმისეული, საგნობრივი დისკუსია სწორედ წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება – იქ გამოიკვეთება, რა საკითხებზე შეიძლება კონსენსუსის მიწევა და რა საკითხებზე – არა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საკომიტეტო განხილვისას.

რაც შეეხება რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილს, უმრავლესობის დეპუტატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის შეთავაზება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების მაღალი კვორუმითა და რამდენიმე ეტაპად არჩევის შესახებ.

“ეს პროცედურა ჩვენი გადაწყვეტილებით გაუქმდა. მიუღებელია იმ წესის უკან მოტრიალება, რომელიც არაფერს იძლევა, დროის ფუჭად კარგვის გარდა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.