ახალი ამბები

თელავში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კახეთის რეგიონული გახსნითი ღონიძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, PH International – საქართველო იწყებს ახალ, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას.

 

11 ოქტომბერს, ქალაქ თელავში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო და სამოქალაქო სექტორის, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართელობის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

 

პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

 

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ მაია მამულაშვილი, მედია ცენტრი კახეთის MCK დირექტორი, თამარ ფრუიძე, პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International – ის წარმომადგენელი; კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, გუბერნატორის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია;

პროექტის მონაწილეთა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა,გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა; აგრეთვე წარმატებულმა პედაგოგებმა და კურსდამთავრებულმა მოსწავლეებმა.

 

✅ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორმა კახეთის რეგიონში, ლიკა ყარაულაშვილმა, აუდიტორიას გააცნო პროგრამის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია;

 

✅ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავმჯომარემ, ზეინაბ კაკალაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ დაგეგმილი საქმიანობების და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

✅ ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების დირექტორები,მასწავლებლები და მოსწავლეები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

✅ მოწვეულმა სტუმრებმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის – რატომ მინდა ევროპა : ესეების, ვიდეორგოლების, ნახატების და პოსტერების გამარჯვებულ ავტორებს ფასიანი საჩუქრები, დიპლომები და სერთიფიკატები გადასცეს.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის საქართველოს მასშტაბით შეირჩა 650 სკოლა. სკოლების სია დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. პროგრამა იმუშავებს მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. პროგრამა ხუთი წლის მანძილზე პარტნიორ სკოლებს დახმარებას გაუწევს სხვადასხვა მიმართულებებით.

 

გარდა ამისა, პროექტის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სკოლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას, ბიზნესისა და სკოლის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბიზნეს ფორუმები, სადაც მოსწავლეები და სკოლის სხვა წარმომადგენლები ბიზნესს საკუთარ საჭიროებებსა და იდეებს გააცნობენ და მათი მხრიდან მხარდაჭერას მიიღებენ. სასკოლო ინიციატივების წასახალისებლად იმოქმედებს მცირე გრანტების პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში, ერთი მხრივ, მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და, მეორე მხრივ, დემოკრატიული კულტურის დანერგვას სკოლაში.

 

ასევე გაიცემა გრანტები ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელებაში. გრანტებს მიიღებენ უნივერსიტეტებიც, ხელი შეეწყობა მომავალი პედაგოგების /სტუდენტების სასკოლო პრაქტიკას.

 

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ფბ გვერდს: USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა – კახეთი