რატომ შეიქმნა თელავში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის პრობლემა და როგორ აპირებს მერია მის მოგვარებას
თელავში მცხოვრები მოსახლეობა უბნებიდან ნარჩენების გატანის პრობლემაზე ჩივის. ადგილობრივების თქმით, ხშირად ნაგვის ურნები გადავსებულია და სწორედ ამის გამო, საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაბლა ყრია.
მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას და საკითხზე დროულ რეაგირებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.
,,ხშირად ურნები გავსებულია და არ ხდება ნაგვის დროულად გატანა. რომ აღარ ეტევა ურნაში, მოსახლეობა ნაგავს დაბლა ყრის და საშინელი სანახავია. დროულად უნდა ხდებოდეს ნაგვის გატანა და ვისაც ეს ევალება უნდა მიხედოს ამ პრობლემას. როდემდე უნდა ვიყოთ ასე?”,– განუცხადეს Knews.ge-ს ადგილობრივემა.
კიკვიძის ქუჩის, კავკასიონის ქუჩის, ალაზნის გამზირის, კურდღელაურის ქუჩის და სხვა ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ნაგვის გატანის პრობლემა აუცილებლად დროულად უნდა მოგვარდეს. მათივე თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა თვითმმართველობასთან ერთად მოქალაქეებსაც ეკისრებათ, რადგან ხშირად ნაგავს უკონტროლოდ ყრიან, რაც მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებას იწვევს.
,,გარდა იმისა, რომ ქუჩებზე გადავსებულია ურნები და დროულად არ იცლება, მოსახლეობა ძალიან უყურადღებოდ ეკიდება ამ საკითხს. როცა ხედავენ ადგილი არ არის ურნაში, მიდიან და ნარჩენებს დაბლა ყრიან. ამაზეც უნდა იყოს მკაცრი კონტროლი”,-განაცხადა თელავში მცხოვრებმა მაია კახიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, ნარჩენების გატანის პრობლება ტექნიკის გაუმართაობამ შექმნა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე იგეგმება ნაგავმზიდი ორი მანქანის ყიდვა, სამომავლოდ კი უწყება დამატებით 4 ნაგავმზიდ მანქანას იყიდის.
,,ვიცით, რომ დასუფთავების ნაწილში იყო პრობლემები და არის. ვმუშაობთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს აქვს ტექნიკის პრობლემა. გვქონდა ექვსი ერთეული ტექნიკა, საიდანაც ორი სრულად გამოსულია მწყობრიდან. დღეს 4 ერთეული ნაგავმზიდით ხდება ქალაქის და სოფლების დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა.
ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა სახის ტექნიკაც, რომელიც ნაგვის გამოტანით არის დაკავებული. უკვე მოვუყარეთ თავი ფინანსებს და ვგეგმავთ ორი ერთეული მანქანის შესყიდვას. მონაწილეობას ვიღებთ კონსოლიდირებულ ტენდერში და საკმაოდ დიდი მოცულობის ნაგავმზიდს შევიძენთ, შემდეგ კი გეგმაშია, მყარი ნარჩენების კომპანიის ერთ-ერთ პროექტის ფარგლებში, შევიძინოთ 4 ერთეული ახალი ტექნიკა.
ვთვლით, რომ თუ ტექნიკა არ გვექნება და ამაში თანხა არ დაიხარჯა, მუდმივად იქნება ქალაქსა და სოფლებში ნაგვის გატანის პრობლემა. ქალაქში, ძირითადად, დღის განმავლოვაში 2-ჯერ ხდება ურნების დაცლა, სოფლებში კი, კონკრეტული ზონების მიხედვი_ 2 დღეში ერთხელ. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა”,- განუცხადა Knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.