საქსტატი- პურ-პროდუქტები 33%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი – 23%-ით, ზეთი – 21%-ით
საქსტატმა დღეს სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სამომხმარებლო კალათა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით არის გაზრდილი.
აგვისტოში ინფლაცია 10.9%-ს შეადგენდა, შესაბამისად, სექტემბერში ფასების ზრდა დაჩქარდა. საქსტატის თანახმად, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების მატებამ, რამაც სექტემბერში 17.6% შეადგინა.
ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატება ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი).