ლეღვის ექსპორტიდან საქართველომ რეკორდული შემოსავალი მიიღო
EastFruit-ის ანალიტიკოსები საქართველოდან ლეღვის ექსპორტზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ახალი ლეღვის ადგილობრივი ბაზრის გარეთ გაყიდვა საკმაოდ პოპულარული გახდა.
2022 წელი საყურადღებოა იმით, რომ ექსპორტიდან შემოსავალმა 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის ახალ მაქსიმუმზეა. 2022 წლის ივლის-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 890 ტონა ლეღვი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ არის ყველაზე მაღალი, რადგანაც 2020 წელს ქვეყანამ 930 ტონა ლეღვის ექსპორტი განახორციელა, წელს მნიშვნელოვანია მაღალი შემოსავალი, საუბარია 1,2 მილიონ დოლარზე, რაც ფასების მატებამ განაპირობა.
ერთი წლის განმავლობაში ლეღვის საექსპორტო ფასები 40%-ით გაიზარდა, თუ 2021 წელს 1 კგ საექსპორტო ლეღვის ფასი 1 დოლარი იყო, წელს უკვე 1.40 დოლარია. EastFruit-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ საექსპორტო ფასების ზრდა არის როგორც კარგი, ასევე ცუდი ამბავი ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე რუსეთ-უკრაინის ომისა და გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში.
კარგი ამბავი ის არის, რომ ლეღვის ფასების უეცარი ნახტომისებრი ზრდის მიუხედავად, ექსპორტის მოცულობა კვლავ იგივე დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ლეღვზე მოთხოვნა გარკვეულწილად მაღალია. ფასების ზრდამ, რა თქმა უნდა, გამოიწვია უფრო მაღალი შემოსავლები, მაგრამ ფასების მატება უმეტესად წარმოების და ტრანსპორტირების ხარჯების გამო უნდა იყოს. რაც, რა თქმა უნდა, მოგების ზრდას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ქართული ახალი ლეღვის საექსპორტო მიმართულებები რუსეთი და სომხეთია. წელს ექსპორტირებული ლეღვის 60%-ი სომხეთში გავიდა, 40%-ი კი რუსეთში. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის წილი 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.
„ექსპორტში დამატებითი სიურპრიზი ლეღვის ჩირი იყო. 2022 წლის აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 8 ტონა ლეღვის ჩირი გაიტანა. 2016 წლამდე ლეღვის ჩირის ექსპორტი პრაქტიკულად არ არსებობდა, ხოლო 2016 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ლეღვის ჩირის ექსპორტი წლიურად 2 ტონაზე ნაკლები იყო. 8 ტონა ლეღვის ჩირი რუსეთში გავიდა. წინა წლებში იყო რამდენიმე განსხვავებული მყიდველი: ლიტვა, უკრაინა, ისრაელი და ნიდერლანდები. ამრიგად, ექსპორტის დივერსიფიკაციას სავარაუდოდ ექნება პოტენციალი“, – აღნიშნულია EastFruit-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.
საინტერესოა, რომ საქართველოში 1,5-დან 1,9 ათას ტონამდე ლეღვს აწარმოებენ. აგვისტო არის მთავარი სეზონი, ამიტომ ექსპორტის უმეტესი ნაწილი აგვისტოში ხორციელდება. ექსპორტის მცირე წილი ივლისსა და სექტემბერზე მოდის . აგვისტოში ექსპორტი 4-5-ჯერ მეტია. თუ ივლის-აგვისტოს მონაცემებს დავუმატებთ სექტემბრის მონაცემებსაც და შევადარებთ წარმოებას, აღმოჩნდება, რომ ქვეყანა 2020 წლიდან ახორციელებს საკუთარი წარმოების ნახევარზე მეტ ექსპორტს.