შოკოლადის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება
მომავალი წლიდან კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება და ბაზარზე განთავსება შესაბამისი მოთხოვნების დაცვით მოხდება.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიზანი შოკოლადის პროდუქტებთან დაკავშირებით რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს: კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელების, მათი ეტიკეტირებისა და ბაზარზე განთავსების, ასევე დასაშვები ინგრედიენტების გამოყენების პირობებს.
რეგლამენტის თანახმად, გარდა კაკაოს ცხიმისა, შოკოლადის პროდუქტს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცენარეული ცხიმები იმ პირობით, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს საბოლოო, მზა პროდუქტის 5%-ს. ასეთი პროდუქტების ბაზარზე განთავსება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალთან, ხედვის იგივე არეალში მკაფიოდ, ტიპოგრაფიულად ადვილად შესამჩნევად მითითებული იქნება: „კაკაოს ცხიმთან ერთად შეიცავს სხვა მცენარეულ ცხიმებს (მცენარეული ცხიმის მითითებით)“.
გარდა ამისა, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოებაში, შესაძლებელია, დამატებულ იქნეს სხვა საკვები ნივთიერებები იმ პირობით, რომ მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მზა პროდუქტის საერთო წონის 40%-ს.
ფქვილის, სახამებლის გრანულების ან ფხვნილის დამატება დასაშვებია იმ პირობით, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს. დასაშვებია მხოლოდ იმ არომატიზატორების დამატება, რომლებიც არ ახდენენ შოკოლადისა და რძის ცხიმის გემოს იმიტაციას/სიმულაციას. დასაშვებია ვანილინისა და ეთილვანილინის გამოყენება ცალ-ცალკე ან კომბინაციაში ისე, რომ მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ/კგ-ს.
გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შაქრებისა, დასაშვებია დამატკბობლების გამოყენება, იმ პირობით, რომ შაქრების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების შემთხვევაში, სათანადო ინფორმაცია ეტიკეტზე უნდა განთავსდეს შოკოლადის დასახელებასთან ახლოს. რეგლამენტით განსაზღვრულია მოთხოვნები კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართაც.