საქართველოში საარსებო შემწეობას 660 833 მოქალაქე იღებს
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე თვეში საარსებო შემწეობა სულ 660 833-მა სოციალურად დაუცველმა პირმა აიღო, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.7%-ია.
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 9 208-ით შემცირდა.
რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გადარიცხული თანხის მოცულობას, სექტემბერში, ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობაზე 56 მილიონ 451 ათას ლარამდე დაიხარჯა.
სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მათი რაოდენობა 21 865-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, PMCG-ის კვლევის თანახმად, 2019-დან 2021 წლამდე, საქართველოში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 174 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 351 ათასითაა გაზრდილი (14%).