ახალი ამბები

ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა.

როგორც მან განაცხადა, ფასის შემცირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ე.წ. უკრაინის დერეფანმა და რუსეთში ხორბლის უხვმა მოსავალმა.

„მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა. ხორბლის ფასი 2-3 თვის წინ პიკზე იყო 400 დოლარის ფარგლებში, დღეს კი შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. ასევე, პიკის დროს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს არის 72 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ასახული ბაზარზე. რამდენადაც ცნობილია, ჩვენმა კოლეგა პურის მწარმოებლებმა პურის გარკვეულ სახეობებზე ფასი 10 თეთრით შეამცირეს. ეს ის ინფორმაციაა, რაც პრესიდან ვიცით.

ფქვილის ფასის შემცირება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ე.წ.ხორბლის დერეფანი ამუშავდა. იცით, რომ სერიოზული პრობლემა იყო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანა, მათ შორის, ხორბლის, იქიდან გამომდინარე, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ დერეფნის ამუშავებამ შესაძლებლობა მისცა მსოფლიო ბაზარს, რომ მიწოდებულიყო ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები. ამან დააბალანსა მსოფლიო ბაზარზე ვითარება. აგრეთვე, დაიწყო ხორბლის ახალი მოსავლის მიღება რუსეთში, სადაც რეკორდული მოსავალია.

შესაბამისად, ორმა ფაქტორმა – უკრაინის ე.წ.დერეფანმა და რუსეთში ხორბლის ძალიან დიდმა მოსავალმა გამოიწვია ის, რომ ფასების კლება დაიწყო. გაიაფდა მცურავი ბაჟიც, ყოველკვირეული ბაჟი. როდესაც 2-3 თვის წინ 100 დოლარზე მეტი იყო, პიკზე 140 დოლარი, დღეს არის 45 დოლარი. საკმაოდ დიდი კლება მოხდა. ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება ხორბლის შემოტანა განახლებულიყო“,- განაცხადა სილაგავამ.