“კახური ტრადიციული ჩურჩხელა” ტყლაპის წარმოების დაწყებას გეგმავს
კომპანია “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” გაფართოებას გეგმავს.
კომპანიის დამფუძნებლის მარიამ ქევხიშვილის თქმით, კომპანიამ მიმდინარე წელს წარმოება კახეთიდან თბილისში (ისანი) გადმოიტანა. სამომავლოდ დაგეგმილია, როგორც ხილის ტყლაპის წარმოება, ისე ბრენდული მაღაზიების დაფუძნება. თუმცა, ეს უკანასკნელი, კომპანიის გრძელვადიანი გეგმაა.
როგორც ქევხიშვილი განმარტავს, კომპანიამ გასული წლიდან ნუშის ჩურჩხელის სატესტო წარმოებაც დაიწყო. სერიული წარმოებაზე კი წელს გადავიდა. როგორც ქევხიშვილი აცხადებს, კომპანია გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 2019 წელს გაშენებული ნუშის ბაღების მოსავლით მარაგდება.
„ნუშის ჩურჩხელას დიდი რაოდენობით ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ. ეს არის სიმბოლური რაოდენობა, ამ მიმართულებას წარმადობა არ ექნება, რადგან საკმაოდ ძვირადღირებულია და დიდი გაყიდვები ვერ ექნება,“ – აცხადებს ქევხიშვილი.
მისივე განცხადებით, რქაწითელის ნუშის ჩურჩხელის გარდა, კომპანია ამ დროისთვის 6 სახეობის ჩურჩხელას აწარმოებს. მათ შორის: რქაწითელის ნიგვზის ჩურჩხელა, რქაწითელის თხილის ჩურჩხელა, საფერავის ნიგვზის ჩურჩხელა, საფერავის თხილის ჩურჩხელა, ნიგვზის მთლიანი ლებნების ბურთულები. როგორც ქევხიშვილი აცხადებს, კომპანიის წლიური წარმადობა 5 000 ცალია.
კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. „კახური ტრადიციული ჩურჩხელის“ შეძენა თბილისში “8000 მოსავალში”, „ფერმარტში“, “თელავურაში” და ონლაინ პლატფორმა “ექსტრაზე”, ebazar.ge-ზე და ცხადია, “კახური ტრადიციული ჩურჩხელის” ფეისბუქ-გვერდზეც შეიძლება.
“ჩვენი უპირატესობაა ის რომ წარმოებაში მხოლოდ ჩვენი ვენახებიდან მიღებულ ყურძნის ბადაგს ვიყენებთ, ვაზს მაღალი ხარისხის პესტიციდებით ვამუშავებთ, რაც ყურძნის და ბადაგის ხარისხზე აისახება. ჩვენი ბადაგი ნატურალურია – შაქრის, ფერის კონცენტრატის თუ სხვა ქიმიური დანამატების გარეშეა დადუღებული. რაც არ უნდა კრიზისი გვქონდეს, არცერთ შემთხვევაში ბადაგს არ ვყიდულობთ.არ გვაქვს დიდი წარმოება, ამისთვის საკუთარი ნედლეულიც არ იქნებოდა საკმარისი, ამავდროულად ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე,“ – აცხადებს ქევხიშვილი.
შეგახსენებთ, კომპანია „კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ ბაზარზე 2017 წლიდანაა.