საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო
საქართველოს გაეროს ასოციაციამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად 8 რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, სპეციალისტები მოსახლეობას ხვდებიან და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და გავრცელებულ დაავადებებზე აწვდიან ინფორმაციას.
პროექტის მენეჯერი თამთა ხუციშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის კამპანიებს და მოქალაქეების ინფორმირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, შეხვედრები იმართება სოფლის თავშეყრის ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებსა და სახლებში, შესაბამისად, შეხვედრაზე დასწრება, დისკუსიებში მონაწილეობა და საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიღება მარტივად ხელმისაწვდომია სოფლის მოსახლეობისათვის.
„აღნიშნული ტიპის კამპანიები საქართველოს გაეროს ასოციაციამ დაიწყო პანდემიის დაწყებისთანავე, როდესაც დავინახეთ იმის მნიშვნელობა თუ რამდენად საჭიროა ადამიანების მუდმივი ინფორმირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით“,-ამბობს თამთა ხუციშვილი.
პროექტის ფარგლებში, 45 სოფლიდან შეირჩნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩები, რომლებმაც ტრენინგებსა და ვორკშოპებში მიიღეს მონაწილეობა. მათი თემატიკა საზოგადოებრივ ჯანდაცვას, იმუნიზაციას, ვაქცინაციას, მედია წიგნიერებასა და ეფექტურ კომუნიკაციას შეეხებოდა. მასშტაბურმა საკომუნიკაციო კამპანიამ სატრენინგო სივრციდან რეგიონებში გადაინაცვლა და უკვე 10-მდე სოფელი მოიცვა.
ორგანიზაცია შემდეგი 3 თვის განმავლობაში (სექტემბერი -ნოემბერი) 40-ზე მეტ სოფელში, საინფორმაციო კამპანის ფარგლებში, შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას გეგმავს, რომელიც საქართველოს ხუთი რეგიონის – კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, სამცხე- ჯავახეთისა და იმერეთის სოფლების მცხოვრებლებთან გაიმართება.
საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტების კოორდინატორი ზურაბ ალხანიშვილი აცხადებს, რომ პროექტის სამიზნე სოფლებში ჩატარდება შეხვედრები კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების მხრიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩების დახმარებით.
„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას იმ საკითხების შესახებ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა სამედიცინო და სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად დაახლოვდეს ერთმანეთთან”,- აცხადებს ზურაბ ალხანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ანნა ბორშევსკა აღნიშნავს, რომ კამპანიის განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.
“აღნიშნული კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია რათა უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ ამ ვირუსისაგან, ქვეყანასა და რეგიონში. ბევრს ჰგონია და ჩვენც გვინდა, რომ პანდემია დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები იზრდება.
ვაგრძელებთ გაეროს ასოციაციის მხარდაჭერას_ მათ მცდელობას, რომ მიეწოდოს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებას ჯანდაცვის შესახებ”,- აცხადებს ანნა ბორშევსკა.