ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებული ვადები, სავარაუდოდ, ირღვევა

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების არჩევის პროცესთან დაკავშირებული ვადები, სავარაუდოდ, ირღვევა.

არასამთვარობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, თამთა წვერაიძის განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტს 14 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიეღო, რა ვადის ათვლაც 6 სექტემბრიდან დაიწყო.

“რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა თანამდებობის პირები, როგორც წესი, ორი კვირის განმავლობაში უნდა აირჩიოს. იქვე რეგლამენტი ამბობს, რომ განსხვავებული შემთხვევა სხვა კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების შემთხვევაში მითითება “საარჩევნო კოდექსზეა“ და ჩვენ ამ შემთხვევაში სწორედ 14-დღიანი ჩანაწერით უნდა ვიხელმძღვანელოთ. შესაბამისად, “საარჩევნო კოდექსი“ 14 დღიან ვადას უწესებს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების ასარჩევად. ამ ეტაპზე კანონით დადგენილი ვადები ნამდვილად დარღვეულია, რადგან გვაქვს “საარჩევნო კოდექსის“ ნათელი ჩანაწერი, რომელიც გვებნება, რომ 14 დღის თავზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები არჩეული უნდა იყვნენ“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ თამთა წვერაიძემ.

მისივე თქმით, ვადების დარღვევამ პრობლემები შესაძლოა, თავად კანდიდატებისთვის წარმოშვას.

“როცა პარლამენტში პროცესი დაიწყება, შეიძლება კანდიდატებს ჰქონდეთ პრობლემა, რომ კონკურსი ვადების დარღვევით მიმდინარეობს, რაც პროცედურული დარღვევაა“, – აღნიშნა საია-ს იურისტმა.

თავად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტი 14-დღიანი ვადით შეზღუდული არ არის. ოხანაშვილი ამ კონტექსტში აქცენტს საკუთრივ პარლამენტის რეგლამენტზე აკეთებს. დეპუტატის განცხადებით, თანამდებობის პირების არჩევასთან დაკავშირებით რეგლამენტში მითითებულია “როგორც წესი“, რაც იმას ნიშნავს, რომ წარდგენილი კანდიდატების განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგაც არის შესაძლებელი.

“ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების განხილვის საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ არის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაინიშნება მას შემდეგ, რაც თარიღი შეთანხმდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები ასარჩევად 5 აგვისტოს წარუდგინა.

ზურაბიშვილის მიერ შერჩეულ და პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არ არის გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც კანონი შესაძლებლობას აძლევს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელოს.

ცესკოს თავმჯდომარედ ასარჩევად პრეზიდენტმა თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე შეარჩია. რაც შეეხება ცესკოს წევრებს, ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები წარუდგინა, ხოლო ცესკოს მეორე წევრის თანამდებობაზე – გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაურის კანდიდატურები.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

პრეზიდენტის მიერ შერჩეული და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად 5 სექტემბერს გადაეცა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მის მიერ ასარჩევ თანამდებობის პირებს, როგორც წესი, შესაბამისი კანდიდატურების წარდგენიდან ორი კვირის ვადაში ირჩევს. აქვე რეგლამენტი უთითებს – “თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი“. “საარჩევნო კოდექსი“ კი აზუსტებს, რომ პარლამენტი ცესკოს წევრებს პრეზიდენტის მიერ კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 14-ე დღისა ირჩევს. კანონის მიხედვით, თავად ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს წევრის არჩევისათვის დადგენილი წესით აირჩევა.