ახალი ამბები

სოფელ ახაშნის ,,ხარისთავის” ეკლესია-ადგილი რომელიც უნდა ნახოთ

ისტორიული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ნასოფლარ ,,ხარისთავის” ტერიტორიაზე, შემაღლებულ ადგილზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ეკლესია განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. მისი თქმით, ის ნაშენია რიყის ქვის ლოდებითა და ნატეხი ქვით კირის ხსნარზე.ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით ეკლესია დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც სარკმელია დატანებული.

,,ეკლესიის დარბაზი გადახურულია, ნახევარწრიული კამარით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი დიდი ქვის ფილით, ჰორიზონტალურად არის გადახურული. ისტორიული წყაროებით ,,ხარისთავი” სოფელ ჭერემის ერთ-ერთი-უბანი იყო ძველად. ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვითკირით ნაშენი საცხოვრებელი სახლების ფრაგმენტები და ყურძნის ქვითკირის საწნახელები. ტყეში მრავლად შეხვდებით გაველურებულ, ხეებზე ასულ მსხვილ ვაზებს,რომელიც რამოდენიმე საუკუნეს ითვლის. მრავლად არის ბუნებრივი წყაროები და მათ სიახლოვეში ირმების ნაფეხურები. გადმოცემით, ლეკებს გადაუწვავთ მე-18 საუკუნეში სოფელი. გადარჩენილი მოსახლეობა აყრილა და სოფელ ახაშენში დასახლებულა. ეკლესიამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ფეხით”,– აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.