დედოფლისწყაროდან გერმანიაში, ემიგრაციაში წასული პოეტი „Kogge“-ს წლის ავტორის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს მწერალთა სახლის ინფორმაციით, ევროპელ ავტორთა გაერთიანებამ – „Kogge“ წლის ავტორის ჯილდო ქართველ პოეტს, ირმა შიოლაშვილს გადასცა.
ირმა დედოფლისწყაროდანაა და უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ევროპელ ავტორთა გაერთიანება 1924 წლიდან არსებობს გერმანიაში და რამდენიმე წელიწადში ერთხელ წლის ჯილდოს გადასცემს მხოლოდ ერთ ევროპელ ავტორს.
ქართველი ავტორის დაჯილდოება წელს 18 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ შტაინში გაიმართა. პოეტს ფულად ჯილდოს და სიგელს ქალაქის მერმა გადასცა. ფულადი პრემია და მისი ოდენობა ირმასთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ირმა შიოლაშვილის გერმანულენოვანი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მისმა შემოქმედებამ ადგილობრივების აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ დაიმსახურა.