მოსახლეობის მიერ წყალმომარაგება, გზები, კანალიზაცია და უსახლკარო ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად დასახელდა
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, წყალმომარაგება, გზები, კანალიზაცია და უსახლკარო ცხოველები ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივი დონის საკითხებად დასახელდა.
კითხვაზე: რა არის კეთილგანწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს? – გამოკითხულთა 25%-სთვის წყლით მომარაგება; 24%-სთვის – გზები; 20%-სთვის- კანალიზაცია; 18%-სთვის უსახლკარო ცხოველები; 15%-სთვის გარემოს დაბინძურება; 12%-სთვის სუფთა ქუჩები.
რაც შეეხება დიდი ქალაქების მოსახლეობას, კვლევის თანახმად, განსაკუთრებულად გზების, ხოლო პატარა ქალაქების მცხოვრებლებს უსახლკარო ცხოველების საკითხი აწუხებთ.
უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში გამოკითხულთა 30%-ს გარემოს დაბინძურება აწუხებს; 24%-ს კომუნალური მომსახურების გადასახადები; 23%-ს უსახლკარო ცხოველები; 22%-ს საგზაო მოძრაობა; 16%-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ასევე 16%-ს სუფთა ქუჩები; 14%-ს პარკირება; 14%-ს გზები; 12%-ს ნაგვის შეგროვება.
ამასთან, კვლევის თანახმად, სოფლებში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად წყლით მომარაგება, კანალიზაცია და გზები დასახელდა.
ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.