ავტომობილზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალის გამოყენებაზე ჯარიმა 10-ჯერ იზრდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, პასუხისმგებლობა დაწესდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განისაზღვრება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
მათ შორის იზრდება ჯარიმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით ავტომობილზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალის გამოყენებაზე.
„შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის, სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დაწესდება 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმის ოდენობა 200 ლარს შეადგენს. ასევე კანონი ამ შემთხვევაში გულისხმობს სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი ფულადი სანქცია 300 ლარია.