სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების შეწყვეტის მოწოდებით მსოფლიო ლიდერები გამოდიან
მსოფლიოს ლიდერები გამოდიან მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ფონზე, როცა 100-მდე სამხედროს დაღუპვა მოჰყვა ყველაზე სისხლიან ბრძოლას მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის შემდეგ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ორივე მხარეს მოუწოდა დაძაბულობის სასწრაფო დეესკალაციისკენ, “მაქსიმალური თავშეკავებისკენ და ყველა არსებული საკითხის მოქმედი ფორმატების ფარგლებში, დიალოგით გადაჭრის ნების გამოვლენისკენ” – ეს სიტყვები პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა გაავრცელა 13 სექტემბერს, გვიან საღამოს.
ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. ბლინკენის პრესმდივნის, ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონი “იმუშავებს ბრძოლის დაუყოვნებელი დასრულებისთვის და მშვიდობიანი გადაწყვეტის მოძებნისთვის” ორ მეზობელს შორის. აშშ-ის ვეტერანი დიპლომატი ფილიპ რიკერი, რომელსაც ახლახან დაევალა კავკასიის მოლაპარაკების აღდგენა, 13 სექტემბერს გეგმური ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სომხეთთან შეტაკებებში დაკარგა 50 სამხედრო, სომხეთი სულ მცირე 49 ჯარისკაცის დაღუპვას იუწყება. აშშ და გაერო ორივე მხარეს მოუწოდებენ ბრძოლის შეჩერებისკენ, თუმცა 14 სექტემბერს, დილით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა სროლის განახლებაში.