საქართველოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში, მეორე კვარტალში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მილიონზე მეტი – 1 064 047 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ყველაზე დიდი რაოდენობა – 586 534 შემთხვევა თბილისზე მოდის.
თბილისის შემდეგ საგზაო მოძრაობის წესებს ყველაზე ხშირად ქვემო ქართლში არღვევენ, სადაც 94 135 შემთხვევა გამოიკვეთა, შემდეგ ადგილზე კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, სადაც სამართალდარღვევის 85 308 შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ავტომობილების მძღოლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბებითვის დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულთა საერთო რაოდენობამ 240 983 შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი -108 148 შემთხვევა თბილისში მოხდა.
171990 ჯარიმა დაიწერა ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობისთვის.
ქვეყნის მასშტაბით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის სამეულშია სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, „ბუქსირის“, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას – 144269 შემთხვევა, აქედან 116 771 თბილისზე მოდის.
52 660 მძღოლი დაჯარიმდა მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევის, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნისთვის.
ქვეყნის მასშტაბით ჯერ ისევ მაღალია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევები მობილურ ტელეფონზე საუბრისა და ღვედის გამოუყენებლობის გამო. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის საქართველოში 62734 ჯარიმა დაიწერა, ტელეფონით სარგებლობისთვის კი 31929 მძღოლი დაჯარიმდა.