ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა დღეს 2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს

წინასწარ ცნობილია, რომ ხარჯების მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით გაიზრდება და ის 20 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

BMG-ის კითხვაზე თუ რა პარამეტრები ექნება განახლებულ ბიუჯეტს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კონკრეტულ პასუხს არ სცემს, თუმცა ამბობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დონე, რაც წლევანდელი წლისთვის 4.4%-ზე იყო დაგეგმილი, კიდევ უფრო მეტად შემცირდება და ამის თაობაზე მთავრობას IMF-თან აქვს მოლაპარაკებები.

,,მნიშვნელოვან თემებს ვიხილავთ სავალუტო ფონდთან, მათ შორისაა ფისკალური კუთხით დეფიციტის შემცირება, რაც უკვე ასახული იქნება საბიუჯეტო ცვლილებებით, რასაც წარმოადგენს მთავრობა. ხვალ უკვე გაეგზავნება პარლამენტს. აქ იქნება დეფიციტის შემცირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, როგორც ვალის შემცირება. კონკრეტულ რიცხვებზე უკვე ბიუჯეტის წარმოდგენის შემდეგ ვისაუბრებთ. ასევე მიდის IMF-თან მოლაპარაკებები სახელმწიფო საწარმოების მმართველობის მოდელზე., ამასთანავე, არის მოლაპარაკებები_ კონკრეტული მოდელების განხილვა ენერგო-სექტორის მხარდამჭერ სქემებზე, თუმცა წინასწარ ამ მიმართულებით საუბარი რთულია, რადგანაც უნდა შევთანხმდეთ ფონდთან, რომელი მოდელი უფრო სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოდელის მიხედვით უკვე კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული,”,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.