პურის ფასი შემცირდება თუ არა?
სექტემბრიდან მზესუმზირის ზეთზე გადასახადმა $270-დან $144-მდე დაიკლო, შროტზე _ $38-დან $26-მდე ხოლო ხორბალზე – $100-დან $56-მდე შემცირდა.
მცურავი ბაჟის შემცირებამ გასაყიდი პროდუქციის ფასზე უკვე აისახა და როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85-დან 74 ლარამდე შემცირდა. ამ ფონზე ჩნდება მოლოდინი, რომ გასაყიდი პურის ფასი უნდა შემცირდეს, თუმცა, პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ გამონაკლისი მწარმოებლების გარდა, სექტორი ფასის კლებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. დოლიძე განმარტავს, რომ მწარმოებლებმა ივლისიდან ფასი კომუნალურის ფასის ზრდის შესაბამისად არ მოამატეს, ამიტომ დღეს გაიაფების რესურსი არ არის.
„გაზის ფასი იყო 0,86 ლარი, გახდა 1,38 ლარი, წყალის ფასი იყო 4,40 ლარი და გახდა 6,50 ლარი. ამასთან საფუარი და ყველაფერი გაძვირებულია. კომუნალურის ხარჯმა ხორბლის ფასის შემცირებას გადააჭარბა. ერთ ტომარაზე ხარჯები თითქმის 4-5 ლარით არის მომატებული, ამიტომ ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი რომ დღეს ხვალ ფასი დაიკლებს. რამდენიმე მეწარმემ თქვა, რომ შესაძლებელია ფასის კორექტირება მოხდეს დაახლოებით 10 თეთრის ფარგლებში, მაგრამ მე ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი. მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია ფასის დაკლებით და ბაზრის ათვისებით, მაგრამ ივლისში კომუნალური ხარჯების სრული ასახვა ფასში არ მომხდარა. მეორე საკითხიც არის აქ, ჩვენ რომ დავაკლოთ ფასი, მაღაზია დააკლებს? პირველი მათ უნდა ჰკითხოთ, მაღაზიები იმას ჩაიდებენ ჯიბეში, ხვალ-ზეგ ამის მეშინია, რომ იმ 10 თეთრის მოგებას თვითონ ნახავენ”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.