ახალი ამბები

ბებიის დღის დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წინადადების ავტორი არ ითხოვდა ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას.

„ქალზე წინ არავინ დამიყენებია ჩემ ცხოვრებაში. ვერასოდეს ვერ შევადრი ქალის დამსახურებას კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველა დედის მოვლენილები ვართ. ბებია ვინ არის? – ბებია არის დედა მაღალ ხარისხში. მოცემული წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილებას, ამიტომ მიუხედავად მისი გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები ყველა დედას, ყველა ბებიას, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ. დედა, ბებია ერთიდაიგივე სახელის ხარისხში აყვანაა უმაღლეს დონეზე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დედას და ბებიას“, – განაცხადა კახაძემ.

რაც შეეხება დეპუტატების გამოხმაურებას აღნიშნულ საკითხზე, როგორც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, თუ ოდესმე მსგავსი ინიციატივა კიდევ დადგება, მაშინ კონკრეტული თარიღის გამოყენება სწორად არ მიაჩნია.

ეს თუ დაემთხვევა სამუშაო დღეს, იმ დღეს პატივს ვეღარ მიაგებს ბებიას?! ბებიების დიდი ნაწილი ჩვენ გვყავს სოფელში და აქედან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი დღე, მაგალითად შაბათი მაინც იყოს, რომ გავიდეს და სოფელში ესტუმროს. თუ ეს დღე იქნება ორშაბათს, ბებია ისევ დარჩება ბებიად სოფელში და აქ ვიღაც ღრეობას გამართავს დახურულ სივრცეში“, – განაცხადა მიქელაძემ.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის მოსაზრებით, საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არც მას მიაჩნია.

„ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ. თუკი რამ ცხოვრებაში კარგი მახსოვს, ბებიისგან მახსოვს. რომ არ მოგატყუოთ, დილით ძალიან ბევრი ზარი იყო ჩემ ტელეფონზე და ახალგაზრდა ბებიებმა გააპროტესტეს – არ გვინდა ჩვენ განსაკუთრებული ბებიის დღეობაო. მართლა ყველა დღე ბებიისაა და საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ზავრადაშვილმა.