მთავრობა ქვეყანაში მოქმედი ავტოსადგურების რეგულირებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მოქმედი ავტოსადგურების რეგულირებას და ბაზრის მოთამაშეთა ლიცენზირებას გეგმავს-ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი გეგმიდან ირკვევა.
მისი მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ახალი ინიციატივა განსახილველად მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეგზავნება. მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო და საქალაქოთაშორისო სამგზავრო გადაყვანები მკვეთრად რეგულირებად სფერო გახდება. მთავრობის შეფასებით, კანონი საგრძნობლად გააუმჯობესებს იმ სერვისის ხარისხს, რომელსაც მოქალაქეები იღებენ.
ცვლილებები შედის საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონსა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა განპირობებულია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის (საერთაშორისო/ქვეყნის შიდა) სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგების აუცილებლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება საავტომობილო ტრანსპორტის დარგის დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში.
დღეს არსებული ბაზრის სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის – სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასევე ხორციელდება სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ ავტოსადგურების ნაცვლად მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.
აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირებას, მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას. (მგზავრობის უსაფრთხოების, მგზავრის მიმართ გადამზიდველის პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის დადგენილია სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები).
საავტომობილო გადაყვანა გადაზიდვის სფეროში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამჟამად სხვა სანებართვო საქმიანობის სახეებთან ერთად გათვალისწინებულია – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა. აღნიშნულის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს 4 სახის ნებართვის, როგორებიცაა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება აღნიშნული ნებართვის სახეები და სანებართვო საქმიანობის სახეებად განისაზღვრება ზოგადად – საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება – საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული თუ არარეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული გადაზიდვა.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად და საავტომობილო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში ცვლილებები შედის აგრეთვე „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში. პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, უკავშირდება საავტომობილო ტრანსპორტის დარგში უსაფრთხოების ეფექტიანობის უზრუნველყოფას ოპერატიული რეაგირების საშუალებით, რაც ითვალისწინებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დარგში დასაქმებული მეწარმე სუბიექტების სამეწარმეო საქმიანობის შემოწმებას მოსამართლის ბრძანების გარეშე. ამ ეტაპზე, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე აქვს მეწარმე–გადამზიდველის შემოწმების უფლებამოსილება. აუცილებელია შეტანილი იქნეს ცვლილება კანონში და სააგენტოს მიეცეს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ოპერატიული ზედამხედველობის განხორციელების საშუალება, საავიაციო და საზღვაო სფეროების ანალოგიურად.
ამავე მიზეზით, ასევე შეფერხებულია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების, რომლითაც დაწესებულია მოთხოვნები გადამზიდველების, ავტოსადგურების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლების, ავტოსერვისის მიმართ, მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, მეწარმე გადამზიდველების შემოწმება ოპერატიულად ხდებოდეს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ” ევროპის შეთანხმების (AETR) მე–12 მუხლის შესაბამისად,, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო) მიერ მძღოლების შემოწმებას საწარმოებში, შეთანხმებით დადგენილი არანაკლები პროცენტული ოდენობით. შემოწმების შედეგები კომპეტენტური ორგანოს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ რეგულარულად იგზავნება გაეროში.
კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდა, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა,” – ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ცვლილებებს ევროკავშირის (EC) N 1071/2009 დირექტივა ითვალისწინებს.