ასოცირების საბჭო – საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის – საქართველომ კი განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად,- ამის შესახებ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში, გუშინ გამართულ, ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას ეხება.
ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.
„ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით.
ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა.
ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას.
ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად.
ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, – გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა.
ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში“,- ნათქვამია განცხადებაში.