საქართველო რუსეთის 42,577 მოქალაქეს არ დაუტოვებია – მარტი-ივნისის სტატისტიკა
2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ (31 ივლისის მდგომარეობით), ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს. ამის შესახებ IDFI-ს კვლევაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა), რუსეთის 49,505 მოქალაქე, ბელარუსის 15,237 მოქალაქე (2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში ჯამში დარჩა 64,742 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე). 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის 16,476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11,531-ით მეტი მოქალაქე.
„საქსტატის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით გაორმაგდა რუსეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა. 2022 წლის მეორე კვარტალში, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით ვიზიტორთა პროცენტული წილი 58%-დან 45%-მდე შემცირდა, ხოლო მეგობრების და ნათესავების მონახულებისთვის ჩამოსულთა წილი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.
2022 წლის მარტი-ივნისის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 3,036 მოქალაქეს, უკრაინის 135 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს. 2022 წლის 25 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მილიონობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და თავი შეეფარებინა სხვადასხვა ქვეყნისთვის.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება, ერთი მხრივ, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება და მომდინარე საფრთხეების შიში. მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, ასევე იზრდებოდა ბელარუსში“, — აღნიშნულია კვლევაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან IDFI-სთვის მოწოდებული ყოველთვიური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისი პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277,698 მოქალაქე, უკრაინის 74,385 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 54,147 მოქალაქე. წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის დროს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდეციების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არსებული მდგომარეობა.
2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსიის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსიის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 155%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 56%-ით შემცირდა.