მოსახლეობის 40%-ისთვის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლის მანძილზე გაუარესდა – კვლევა
მოსახლეობის 40%-ზე მეტი ამბობს, რომ პირადად მათი და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან მეტწილად გაუარესდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, – ასეთია ACT-ის კვლევის შედეგები.
რაც შეეხება მოსახლეობის მოლოდინებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევრის (45%) თქმით, მოვლენები საქართველოში მკაფიოდ ან მეტწილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს კი მათ აღქმაში ფინანსური რისკებისგან დაუცველობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. ყოველ მეორე ადამიანს საქართველოში ზაფხულში დასვენების გეგმა არ გააჩნია კვლევის შედეგების თანახმად, შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების მიუხედავად, მოსახლეობის 40% ამ ზაფხულს დასასვენებლად გამგზავრებას გეგმავს, ხოლო უფრო მეტს (55%) ასეთი გეგმა არ გააჩნია.
ამასთან, ადამიანთა რაოდენობა, ვინც დასასავენებლად გამგზავრებას აპირებს, ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება – დასასვენებლად წასვლა 2.3-ჯერ მეტ ახალგაზრდას (18-34 წლის) აქვს დაგეგმილი მაღალი ასაკობრივი ჯგუფის (55+) წარმომადგენლებთან შედარებით (54% და 24%, შესაბამისად). ასევე, აღსანიშნავია, რომ დასასვენებლად გამგზავრებას დედაქალაქის მცხოვრებთაგან გაცილებით მეტი ადამიანი გეგმავს (56%), რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით (1/3-ზე ოდნავ მეტი). დაგეგმილი დასვენების ხანგრძლივობა მეტწილად 1-2 კვირით შემოიფარგლება (65%).
საქართველოს მოსახლეობის დასვენებას გეგმის მქონე სეგმენტიდან 58% დასვენებას საკუთარ ან ახლობლის აგარაკზე გეგმავს, 40%-ზე მეტი – საქართველოს ზღვის, ხოლო 23% – საქართველოს მთის კურორტებს განიხილავს. ქვეყნიდან გასვლას დასვენების მიზნით გამოკითხულთა მხოლოდ 16% აპირებს. კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანების დიდი ნაწილი (60%), ვინც ზაფხულის გატარებას საკუთარ სახლებში გეგმავს, მიზეზად დასვენებისთვის საკმარისი ფინანსების არქონას ასახელებს. დანარჩენი ნაწილი კი ამბობს, რომ დასვენებაზე უარის თქმა პირადი მიზეზების (27%) ან შვებულების არქონის (9%) გამო უწევთ.