რატომ შეექმნა სარესტორნო ბიზნესს კადრების პრობლემა და რა მდგომარეობაა ამ კუთხით კახეთში
რეგიონებში კვალიფიციური კადრების სიმცირის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია დგას. ახალგაზრდების უმეტესობა რეგიონებიდან თბილისში ან საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, რაც ამ პრობლემას ყოველდღიურად უფრო ამწვავებს.
პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში კადრების დეფიციტი სარესტორნო ბიზნესს განსაკუთრებით შეეხო. აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ როგორც დამსაქმებლები, ისე ექსპერტები და იმ არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული მიმარულებით საქმიანობენ.
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბოლო ორ წელიწადში სარესტორნო ბიზნესი 20 000-მდე დასაქმებულმა დატოვა. მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი რეგიონის ან ერთი სფეროს პრობლემა და პარადოქსულია ის, რომ ქვეყანაში ამდენი უმუშევარი ადამიანია და ჭირს არა სამუშაო ადგილები, არამედ მუშახელი. შოთა ბურჯანაძე ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მწვავედ რეგიონებში იკვეთება.
,,დღეისთვის ჭირს ის კადრები, რომელიც შეიძლება იყოს დასაქმებული. რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს და პრობლემებს, მე პანდემიის დაწყებიდან ვსაუბრობდი, რომ ჩვენ შეგვექმნებოდა კადრების სიმცირე, იმიტომ რომ ჩვენმა სფერომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პანდემიის პერიოდში. ის ხალხი კი რომელიც დასაქმებული იყო, გადავიდა სხვა სფეროში სამუშაოდ ან წავიდა ქვეყნიდან. ეს დანაკლისი კი აისახა სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესზე. დღეს არსებობს ათიათასობით ვაკანსია, სადაც შეიძლება დასაქმება. ეს იმიტომ კი არ არის, რომ ქვეყნიდან გასული კადრების შევსება ვერ მოხდა, არამედ იმიტომ, რომ პანდემიის შემგდეგ ჩვენს სფეროზე გაიზარდა მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სტუმრებიდან. ამიტომ იქ სადაც რესტორანში პანდემიამდე იყო 5 კადრი საკმარისი, ახლა მეტი ადამიანის დასაქმებაა საჭირო. ვერც კახეთში, ვერც ბათუმში და თბილისში, უმეტეს შემთხვევაში, კარგ რესტორნებში ვერ შეხვალთ წინასწარი ჯავშნის გარეშე. კახეთსაც ამ პერიოდში დიდი მოთხოვნა აქვს და აქაც არის მსგავსი პრობლემები. ანუ კადრების სიმცირე რეგიონებში უფრო არის ვიდრე დედაქალაქში. ამის გადაწყვეტის გზა არის შემდეგი: ამაში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. სტუმარ -მასპინძლობის სერვისი დღეს ტურისტულ ბიზნესთან ერთად ის მიმართულებაა, სადაც უნდა გაიზარდოს კადრი პროფესიულად ბიზნესთან ერთად. ამაში სახელმწიფოს და ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ გაიზრდოს პროფესიული კადრი. როდესაც სახელმწიფო ვითარდება და შესავსებია პირველ რიგში კადრები, ხშირად ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან კადრების ჩამოყვანა. დღეისთვის ეს ხორციელდება უკრაინის და იქიდან ჩამოსული მიგრანტების ხარჯზე. ეს იქნება სამშენებლო თუ სარესტორნო ბიზნესში. რაც შეეხება უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანას, ეს ჩემი ინიციატივაა. როცა ადამიანები შრომისუნარიანები არიან ადგილზე და უარს ამბობენ სამსახურზე, აუცილებელია, გარკვეულწილად, მიგრანტების შემოყვანა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს წაართმევს რამეს. უბრალოდ ადგილზე არ არსებობს შესაბამისი კადრები და აუცილებელია სხვა ქვეყნიდან კადრების მოზიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ესა თუ ის ბიზნესი უბრალოდ ვერ იუფუნქციონირებს”,- განუცხადა Knews.ge-ს შოთა ბურჯანაძემ.
ბოლო რამდენიმე წელია კვალიფიციური კადრების სიმცირეზე საუბრობენ კახეთშიც. თელავში მცხოვრები მეწარმე მაკა ჩაველაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის კუთხით მუშაობს. ის სულ მალე ახალი სტარტაპ იდეის განხორციელებას ,,ღვინის ციფრული მუზეუმის” შექმნას გეგმავს. მაკა აღნიშნავს, რომ მუზეუმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა უკვე დაიწყეს, თუმცა კვალიფიციური მშენებლების სიმცირის პრობლემას წააწყდნენ.
,,ჩვენ ვგეგმავთ ჰოლოგრამების გამოყენებით ციფრული მუზეუმის შექმნას. აქ იქნება განთავსებული ინფორმაცია ღვინის დაყენების საწარმო პროცესებზე, რადგან ვფლობთ ვენახს. გარდა ამისა, როცა ღვინის წარმოება ხდება, ნარჩენები:ლექი და სხვადასხვა მასალები, მიდის ნაგავსაყრელზე. ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ხელოვნებაში. მუზეუმის შექმნისთვის დავიწყეთ სამუშაოები უკვე, თუმცა ერთადერთი გამოწვევა არის მუშახელის და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სამშენებლო კუთხით. ამ კუთხით მოთხოვნა რეგიონში არის ძალიან მაღალი. შეიძლება იყოს რომელიმე სამშენებლო კომპანია, მაგრამ ხშირად კონკრეტული პროფესიის მქონე ადამიანების დაქირავება გვჭირდება. ამ მიმართულებებს მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს. არის რეგიონში კარგი კოლეჯები და ახალგაზრდებს შეუძლიათ აირჩიონ. უნდა მოხდეს მეტი მუშაობა და ინფორმაციის მიწვდა ახალგაზრდებისთვის. ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემაა რეგიონში. უნდა მოხდეს საკითხის კარგად დამუშავება, შესწავლა და მოგვარების გზების ძიება”,-აღნიშნავს მაკა.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლას სთავაზობს ნებისმიერ მსურველს გურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოქმედი კოლეჯი. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ გარდა თეორიული სწავლებისა, ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა და დასაქმდნენ.
,,კოლეჯი არის მრავალდარგოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. გვაქვს 30 საგანმანათლებლო პროგრამა და ძირითადი მიმართულებები არის აგრარული და მომსახურების სფერო, ინჟინერია და ტურიზმი. ჩვენ შემოდგომიდან ვაპირებთ გავიაროთ ავტორიზაცია ჯანდაცვის პროგრამების ამოქმედებაზე და მომავალი წლიდან ესენიც გვექნება. ამ ეტაპზე მოთხოვნა არის ძირითადად ყველა პროგრამაზე, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ვიკვლევთ შრომის ბაზარს და იმ 4 მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენი კოლეჯი მოქმედებს, პროგრამები მორგებულია მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს. მინდა ავღვნიშნო, რომ ყველა პროგრამა დასაქმებადია. განსაკუთრებით მოთხოვნაა ვეტერინარიასა და კულინარიაზე.
გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დამსაქმებლებთან, მათთან მოსწავლეები გადიან პრაქტიკულ სწავლებას და ადგილზე დასაქმების შესაძლებლობაც აქვთ. 300-მდე დამსაქმებელთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და მათ რა უნარების კადრებიც სჭირდებათ, მოსწავლეებს ვასწვლით იმას, რომ ადვილად დასაქმდნენ.
გარდა ამისა, მოთხოვნადი პროგრამების შემუშავებაშიც იყვნენ დამსაქმებლებიც ჩართული და ჩვენ ამით ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს მეტი შანსი მივცეთ ადგილზე დასაქმდნენ. დღეს შრომის ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების კუთხით არის დისბალანსი და კოლეჯი ამის აღმოფხვრაზეც მუშაობს. ჩვენ, მაგალითად კულინარიაში გვაქვს კვოტა და უნდა მივიღოთ 30 სტუდენტი. რომ გვქონდეს 100 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა, ყველა ადგილს შევავსებდით და შემდეგ ყველა დასაქმდებოდა. ამ მხრივ ბევრი რამეა გასაკეთებელი, იგივე მატერიალურ- ტექნიკური ბაზაც და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ”,- განაცხადა კოლეჯ ,,აისის” დირექტორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა.