ინფლაციის გათვალისწინებით საშუალო თვიური ხელფასი 7 წელში 111 ლარით გაიზარდა – PMC
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 7 წელში 111 ლარით გაიზარდა.
საუბარია 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდზე, როცა ნომინალური საშუალო ხელფასი 900-დან 1357 ლარამდე გაიზარდა, რაც 457 ლარით ზრდას ნიშნავს, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით ზრდა 111 ლარს შეადგენს. ამასთან, 2021 წელს, როცა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1357 ლარამდე გაიზარდა, ინფლაციის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი 1 011 ლარს შეადგენდა.
აქედან გამომდინარე, საქართველოში 2015 წლიდან 2021 წლამდე ანაზღაურებად დასაქმებულთა ნომინალური ხელფასები 50.7%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, იმავე პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 12.2% შეადგინა.
“აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2021 წლამდე შეადგენდა 22.4%- ს, რაც 10 პროცენტული ერთეულით აღემატება ინფლაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული ხელფასების ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახება მუშახელის ხელფასებზე”,-წერია PMC-ის ანგარიშში.
ამას გარდა, ორგანიზაცია მუშახელის მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 51%-ით გაიზარდა.