რას მოიტანს საჯარო სექტორში ანაზღაურების ყოველწლიურად 10%-ით ზრდა
პრემიერ-მინისტრის მხრიდან უკვე დაანონსდა, რომ 2026 წლამდე საჯარო სექტორში არსებული ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება.
მისი თქმით, დღეს საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ამ გადაწყვეტილებით ეს სხვაობა უნდა აღმოიფხვრას.
აღნიშნული გადაწყვეტილება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „ანალიტიკაში“ შეაფასა. მისი თქმით, ეს სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.
„ჩვენ ის ადამიანები უნდა დავაჯილდოვოთ, ვინც კეთილსინდისიერად მუშაობენ. ხოლო ვინც ამჟამად საჯარო სექტორშია დასაქმებული და საერთოდ არაფერს აკეთებს, ჩემთვის ეს ადამიანები უბრალოდ ბიუჯეტის მჭამელები არიან. ყოველგვარი რეფორმისტული ხედვის, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე მხოლოდ ხელფასების ზრდის პროცესით ეს იმ შედეგებამდე არ მიგვიყვანს რა შედეგებამდეც უნდა მიგვიყვანოს“, – ამბობს იგი.
საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით ზრდის შესახებ გადაწყვეტილებაზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი კოლეგის აზრს იზიარებს. მისი თქმით, ეს საქართველოს ბიუჯეტისთვის უდიდესი ტვირთი იქნება.
“ის, რისი გაკეთებაც უნდათ 2026 წლამდე, საქართველოს ბიუჯეტს უდიდესი ტვირთი უჯდება. ამის პარალელურად არსად არაა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ოპტიმიზაცია მოხდება. მუნიციპალური ადმინისტრაციებში, რომლებიც პარტიული კოორდინატორების დასაქმების ადგილად იქცა, მასობრივად, ოღონდ მწყობრად, გააზრებული პოლიტიკით საკადრო შემცირება უნდა მოხდეს“, – ამბობს იგი.
ინფორმაციისთვის, IDFI -მა საჯარო სექტორში ხელფასების ზრდასა და ბიუროკრატიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 163 069 პირია დასაქმებული, საიდანაც 50 561 (31%) შტატგარეშეა.