რა უნდა ვიცოდეთ ყირიმ-კონგოს ვირუსზე
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. ეპიდემიოლოგები აქტიურად გვაფრთხილებენ, რომ საქართველოში განსაკუთრებით საშიში დაავადების, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, შემთხვევები გახშირდა.
პირველად ამ დაავადების დიაგნოსტირება, საქართველოში რამდენიმე წლის წინ მოხდა. დაავადების გამომწვევი ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.
ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%), ხშირია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელების შემთხვევები;, ამავე დროს, რთულია მისი პრევენცია და მკურნალობა. ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისათვის.
სიმპტომები : ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში, ყირიმ-კონგოს ცხელების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 1-3 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი ცხრა დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შემთხვევაში, დაავადების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 5-6 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი 13 დღემდე გრძელდება. სიმპტომები უცაბედად ვლინდება_, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა და ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და დაბნეულობა. ორი ან ოთხი დღის შემდეგ, ნერვული აღგზნებადობა შეიძლება ჩაანაცვლოს ძილიანობამ, დეპრესიამ, დაღლილობამ, უხალისობამ, მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს ზედა მარჯვენა ნაწილში, გადიდებულია ღვიძლი.
მკურნალობა: ყირიმ-კონგოს ცხელების სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტია, სიკვდილი კი ძირითადად ავადობის მეორე კვირას დგება. გამოჯანმრთელებულ პაციენტებში მდგომარეობის გაუმჯობესება იწყება დაავადების დაწყებიდან მეცხრე-მეათე დღეს.
ყირიმ-კონგოს ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში ურთულესია, რადგან ტკიპა-ცხოველი-ტკიპის ციკლი ძირითადად შეუმჩნევლად მიდის და შინაურ ცხოველებში ინფექცია აშკარა არ არის. გარდა ამისა, ინფექციის გადამტანი ტკიპები ძალიან ბევრი და ფართოდ გავრცელებულია; შესაბამისად, დაავადების კონტროლის ერთადერთი რეალური გზაა ტკიპების კონტროლი აკარიციდებით (ნივთიერებები, რომელიც ტკიპებს ანადგურებს).
არ არსებობს ვაქცინა ცხოველების ან ადამიანებისთვის. გამომდინარე აქედან, ადამიანებში ინფექციის შემცირების ერთადერთ გზას წარმოადგენს ცნობადობის გაზრდა რისკ-ფაქტორების შესახებ და ადამიანებისთვის იმ ზომების სწავლება, რომელთა მიღებაც მათ შეუძლიათ ვირუსისგან თავის ასარიდებლად.
წყარო : who.int