როდის გაიაფდება საწვავი
1-ელი აგვისტოდან “ვისოლ ჯგუფის“ ქსელში დიზელის საწვავზე ფასი 10 თეთრით შემცირდა, უახლოეს დღეებში კი, სავარაუდოდ, კიდევ 10 თეთრით გაიაფდება როგორც დიზელი, ისე – ბენზინი.
ინფორმაციას “ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა ავრცელებს. ფასის ცვლილების ასახვას, დაახლოებით, 2-3 კვირიანი პერიოდი სჭირდება.
“ივლისიდან პლატცის საერთაშორისო ფასმა დაიწყო შემცირება და შესაბამისად, ამას ასახვა მოჰყვება ქვეყნის შიდა ბაზარზე. ჩვენმა კომპანიამ 1-ელი აგვისტოდან გააკეთა 10 თეთრიანი კორექტირება დიზელის ფასთან მიმართებით შემცირების კუთხით, თუმცა მომდევნო დღეებში კიდევ გადავხედავთ ფასებს როგორც დიზელზე, ისე – ბენზინზე. პირველ ეტაპზე, მაინც ვფიქრობთ, რომ ჯერ დიზელზე მოხდება ფასის კორექტირება, შემდეგ ეტაპზე კი – ბენზინზე.
ივნისში დიზელზე ფასმაც არანორმალურად მოიმატა და გადაუსწრო ბენზინის ფასებს. მთელი ეს პერიოდი ერთი ლიტრი დიზელის ღირებულება უფრო მაღალი იყო, დღეს კი ტრენდი საპირისპიროა, ამიტომაც ნიშნული დიზელზე უფრო მეტი იქნება, ვიდრე – ბენზინზე.
თუ ჩვენ გადავხედავთ წინა გამოცდილებას, დაახლოებით, 2-3 კვირის განმავლობაში აისახება ხოლმე საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა შიდა ბაზარზე, ფასების ცვლილების კუთხით. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს როგორც ლარის გამყარების, ისე საერთაშორისო ბაზარზე არსებული ნავთობის პროდუქტების კუთხითაც უკეთესი ტრენდი, ამიტომ ეტაპობრივად მოხდება ფასის შემცირება, ალბათ უკვე ორშაბათიდან”, – განაცხადა ვასილ ხორავამ.