საქართველოში მხოლოდ 2,400 ელექტრომობილია რეგისტრირებული
საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 2021 წელს 78 ათასით გაიზარდა და ქვეყანაში მოძრავი მანქანების რიცხვმა 1.25 მილიონს მიაღწია.
მათგან ელექტრომობილი მხოლოდ 2,400 ავტომობილია, რომელთა რაოდენობაც წინა წელთან შედარებით 200-ით გაიზარდა.
შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ავტოპარკი ასე ნაწილდება:
● მსუბუქი ავტომობილები – 1.25 მილიონი, მატება წინა წელთან 78 ათასი ერთეული;
● სატვირთო – 108 ათასი, მატება წინა წელთან 5 ათასი ერთეული;
● სამგზავრო (მიკროავტობუსები, ავტობუსები) – 54,7 ათასი, მატება წინა წელთან 1.2 ათასი ერთეული;
● სპეც დანიშნულების – 59.8 ათასი, მატება წინა წელთან 4.6 ათასი ერთეული.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების 83% 10 წელზე ძველია. შედარებით ახალი ავტოპარკია რეგისტრირებული თბილისში, სადაც რეგისტრირებული 509 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფროსია 380 ათასი ავტომობილი, რაც დედაქალაქის ავტოპარკის 75%-ია. ყველაზე მოძველებული ავტოპარკი გურიაში არის რეგისტრირებული, სადაც 37 ათასი ავტომობილიდან 10 წელზე უფრო ძველი 34 ათასი ავტომობილია (92%).
მფლობელობის მიხედვით 1.31 მილიონი ავტომობილი ფიზიკურ პირებს, 162 ათასი კი იურიდიულ პირებს ეკუთვნით.