ახალი ამბები

ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვისთვის „მოსავლის მართვის კომპანია“ 50 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს. რთველის ხელშეწყობის 50 მილიონის დახარჯვას გეგმა უკვე გაცხადებულია.

50 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება “მოსავლის მართვის კომპანიამ“ უკვე მიიღო.

კომპანიას 2022 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება დაევალა. აღნიშნული გულისხმობს, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ, ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას.

„როგორც წინა წლებში, ასევე მიმდინარე წელსაც შეუძლებელია ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან, წინასწარ განისაზღვროს ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი რა რაოდენობის ყურძენი დარჩება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვების რაოდენობისა და მოცულობის დადგენა და წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელია“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

ღონისძიების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეს არის რთველის პროცესი, რომელიც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმში გრძელდება თვენახევარი – ორი თვის განმავლობაში. მეორე ეტაპი არის ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეებისა და ყურძნის კონცენტრირებული წვენის შენახვის, ტრანსპორტირების მომსახურების, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის და საბანკო მომსახურების პროცესი.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის განცხადებით, წელს განიხილება ე.წ „თეთრი ყურძნის“ სუბსიდირება. ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს მთავრობას რთველის სუბსიდირება რეკორდული, 138,4 მლნ ლარი დაუჯდა.