ახალი ამბები

რას მოიცავს თუშეთის გზის გაუმჯობესების პროექტი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილს, თუშეთს, ყოველწლიურად უამრავი დამსვენებელი სტუმრობს. ის თავისი მთებით, მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლებით, უძველესი სტილით ნაგები სახლებით, ულამაზესი ბუნებით და ტრადიციული კერძებით იქცევს ქართველი და უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას.

თუშეთი განთქმულია თავისი მეცხვარეობით და სამზარეულოთი. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები. თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი გზა (2917მ) უნდა გადაკვეთო “აბანოს” უღელტეხილზე. მისი სოფლები განლაგებულია ზღვის დონიდან 1900მ-დან 2400 მეტრზე. ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები კი რომლებიც თუშთა თავშესაფარს და ასევე სათვალთვალოს წარმოადგენდა თავდასხმებისგან თავის დასაღწევად, ყველას ინტერესს იწვევს. მის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს გრძელი და რთული გზის გავლა უწევთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს CNN-მა საქართველოში თუშეთი 10 საოცნებო ადგილს შორის დაასახელა. როგორც სტატიის ავტორი წერს, მსურველებს თუშეთში სხვადასხვა ადგილების ნახვა შეუძლიათ. საუბარია დართლოზე, რომელიც თუშეთის ნაწილია და სადაც ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება გზის მოწესრიგებისთვის, მისი რთული რელიეფიდან გამომდინარე არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრა ვერ ხდება. ხშირია ასევე ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

,,რთული მაგრამ ლამაზი გზაა, სწორედ ამ გზის გავლა იზიდავს ყველას, მეც ყოველწლიურად მივდივარ ოჯახით და სულ ვფრთხილობთ, რომ ნელა და ფრთხილად ვიაროთ. ბევრი შემთხვევაა რომ მოხდა ავარია, მანქანა გზიდან გადავარდა და ხალხი დაიღუპა. კარგი იქნება თუ ამ გზის რთული მონაკვეთების რეაბილიტაცია მოხდება, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ავარიების რიცხვი. ამის მერე უფრო მეტი ტურისტი წავა”, – განუცხადა Knews.ge-ს კახეთში მცხოვრებმა ნინო მამისაშვილმა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური განმარტავს, რომ თუშეთის გზა ვიზიტორებისთვის 5 ივნისს გაიხსნა, თუმცა მანამდე უამინდობის გამო დაზიანებული გზის მონაკვეთების გაწმენდა განხორციელდა. მისი თქმით, თუშეთში ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადახვა სათავგადასავლო ტურებით, სადაც შეძლებენ ნახონ თემის სოფლებში შემავალი ინფრასტრუქტურა, უძველესი ისტორიული ძეგლები, დააგემოვნონ კერძები, დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ესტუმრონ საოჯახო მეურნეობებს და აგროტურისტულ ცენტრებს.

,,გზა ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი და მანამდე იყვნენ ტურისტები, რომლებიც პროფესიულ-სამეცნიერო სამუშაოებზე იყვნენ ჩამოსულები. წელს ბევრ ტურისტს ველოდებით. შარშან, პანდემიის გამო ამ კუთხით იყო პრობლემები. ტურისტებს აქ სხვადასხვა სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ. ეს არის: სათავგადასავლო, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურები, ამით ადგილობრივები არიან დაკავებული. ასევე არის საოჯახო სასტუმროები და სხვადასხვა აგროტურისტული ცენტრები. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში თუშეთში, ივანაურთას მხარის სოფლების მიმართულებით, სამანქანე გზის გაჭრა მოხდება, რაც მეტ ტურისტულ შესაძლებლობებს შექმნის. აქ სამანქანე გზა არასდროს ყოფილა. სოფლებში 3 სართულიანი სახლებია, ბევრი ისტორიული ძეგლი. გარდა ამისა, ხალხი ცხოვრობს და მათ ცხენებით უწევთ გადაადგილება”,– განუცხადა Knews.ge-ს ალექსი ფიცხელაურმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთის ტურისტული პოტენციალის სრულად ასათვისებლად, ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი განხორციელდება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით.

„თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.

ფშაველი-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას ითვალისწინებს. ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება. გზის დაზიანებული ადგილები აღდგება და არსებული პარამეტრები გაუმჯობესდება.

თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით, ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარეობს. გზა ვიწროა და მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება“,- აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს.

,,ჩვენი სურვილია, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ძალიან ბევრი დამსვენებელი, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის, რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას. მინდა, რომ ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ამ ულამაზეს ადგილას და იცით, რომ მთელი 6-7 თვე აქ იკეტება მოძრაობა და ზამთრის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენით“, – განაცხადა პრემიერმა.