ქალაქ თელავში მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა
„საქართველოს ბანკისა“ და კომპანია „ელგის“ პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში, მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა.
კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ, კომპანიის ელექტრო ენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 1 145 000 ლარს შეადგენს.
„ჩვენ „საქართველოს ბანკთან“ უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ, რომ ახალი პროექტიც სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ. კომპანია „ელგი“ბაზარზე სასტუმრო „ალაზნის ველით“ ოპერირებს, რომელიც კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში მდებარეობს. სასტუმრო 50 ნომერს მოიცავს, რომელიც თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი ყველა საჭირო აქსესუარებით არის აღჭურვილი. სასტუმრო ასევე, საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას მოიცავს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ, ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები დააგემოვნოთ. მზის ელექტრო სადგური სწორედ ამ სასტუმროსთვის დამონტაჟდა, რომელიც გაზრდილი ელექტრო ენერგიის საფასურის ფონზე გადასახადს მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს და შესაძლებლობას მოგცემს, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, კონსტანტინე მახათელაშვილმა.
მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკმა“ გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.