ახალი ამბები

ყურძნის სუბსიდირების პროგრამა უხარისხობის წამახალისებელია – ღვინის ექსპერტი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა და აღიარებულმა ღვინის ექსპერტმა გიორგი სამანიშვილმა BMG Drive-ის ეთერში ქართული ღვინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია ხარისხზე ორიენტირება და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიის წარმოება, რათა ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს და საკუთარი „ნიშური“ სეგმენტი განავითაროს.

აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად გიორგი სამანიშვილი ყურძნის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ასახელებს, რომელიც, მისი შეფასებით, ამჟამინდელი სახით ხელს უწყობს უხარისხობას და ჭარბ წარმოებას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უშლის ქართული მეღვინეობის განვითარებას.

„სუბსიდირება იმ სახით, როგორც ახლა დღეს გვაქვს საქართველოში, ყველაზე მეტად უხარისხობის წამახალისებელია. ყველა მევენახემ და ღვინის კომპანიამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დაფინანსების გამო, მევენახე მოტივირებულია – მოიყვანოს გაცილებით მეტი ყურძენი, ვიდრე საჭიროა. მაგალითად, „რქაწითლის“ შემთხვევაში, თუ არის ერთ ჰექტარზე 12-15 ტონა მოსავალი მოსაყვანი, მოჰყავთ 20 და 30 ტონა, რაც დაახლოებით, იგივეა, რაც ღვინოში წყლის დამატება.

ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ მილიონს ვდებთ იმაში, რომ გავაფუჭოთ ღვინის ხარისხი. აღნიშნული თანხა რომ პრომოციაზე (მარკეტინგზე) იხარჯებოდეს, ჩაუბარებელი ყურძენი აღარ დაგვრჩებოდა“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს საქართველოში რთველის მასობრივი სუბსიდირება არ მოხდება. თუმცა როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ნაწილობრივი სუბსიდირდება იქნება, განსხვავებული მიდგომებით. მისი თქმით, წელს სავარაუდოდ, დაფინანსება შეეხება უშუალოდ თეთრ ყურძენს, რადგან მოცემული მიმართულება კრიზისშია.

დღესდღეობით ჩვენთვის მთავარი საექსპორტო პროდუქტი არის წითელი ღვინო. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როგორც გასულ წლებში, ისე მიმდინარე წელსაც წითელი ღვინის მიმართულებით არ ჩავერიოთ და შევინარჩუნოთ სრულიად თავისუფალი ბაზარი, სადაც მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს მთლიანად თამაშის წესებს.

თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არსებულ რეალობაში სასპირტე მიმართულება ყურძნისეული ექსპორტის შემცირებიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე კრიზისშია. თეთრი ყურძენი, არის სასპირტე მიმართულება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რაიმე ფორმით აუცილებლად დაგვჭირდება მთავრობის ჩარევა, მათ შორის, სუბსიდიის მიმართულებით,“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.